სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მოსაყდრე
დაასახელა.
აღნიშნული წოდება სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსი,
ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა მიიღო.
პატრიარქის გადაწყვეტილებაც და მის მიერ შერჩეული კანდიდატიც საერო თუ
სასულიერო სივრცეში დიდი დისკუსიისა და განხილვის თემა გახდა.
არსებობს თუ არა პრეცენდენტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
ისტორიაში პატრიარქის მხრიდან მოსაყდრის დადგენის თაობაზე? რა ევალება
მოსაყდრეს და როდის შედის მისი უფლებამოსილება ძალაში?
ამ და სხვა კითხვებზე პასუხებით ქუთაისიპოსტის სტუმარია ფილოსოფიის
დოქტორი კახა კურტანიძე.
- მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნეში არსებობს პრეცენდენტი
საქართველოში თანამოსაყდრის დასახელებისა, მისი უფლებამოსილების ზუსტი
აღწერა დოკუმენტის სახით არ გვაქვს. ეს აუცილებლად საჭიროც არაა.
შეგვიძლია შემდეგნაირად მივუდგეთ საკითხს. მე-9 საუკუნის ბიზანტიური
განჩინების თანახმად, ეპისკოპოსად გამორჩევის შემთხვევაში ბერს უნდა
შეეწყვიტა თავისი მონაზვნური კანონი, რადგან ეპისკოპოსის რანგი
ითვალისწინებს ეკლესიის მართვა-გამგეობას, ანუ ადმინისტრირებას.
განჩინებას არ მიუღია ზოგადსავალდებულო სტატუსი და რუსულ-ქართული
ეკლესია პირიქით ავალდებულებს ეპისკოპოსობის კანდიდატს აღიკვეცოს
ბერად. თუმცა, აქ მთავარი ის იდეაა, რომ ეპისკოპოსი (სიტყვასიტყვით
ზე[და]-მხედველი) სწორედაც რომ ადმინისტრაციული რანგია, გნებავთ ჩინი,
ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ ეკლესიაში ყველა ჩინს საკრალური,
საკრამენტულ/მისტერიული განზომილება ჰქონდა და აქვს. ამრიგად
ეპისკოპოსი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა დადებული ბერული აღთქმა,
რომელიც გულისხმობს იღუმენისადმი მორჩილებასაც სხვა ვალდებულებებს
შორის, თავსიღებს საკმაოდ რუტინულ მართვა-გამგეობრივ საქმიანობას.
ხოლო ამ ჭრილში თანამოსაყდრის როლი დაინახება, როგორც
მართვა-გამგეობის წარმმართველი. განსხვავებულ მიზეზთა გამო პატრიარქს
(ან შეიძლება რომელიმე რეგიონის მეთაურ ეპისკოპოსს) ან აღარ შეუძლია
სრულად (პატრიარქ ეფრემის შემთხვევა), ან აღარ სურს განახორციელოს
თავისი წოდების ეს მხარე — იგი ინარჩუნებს საკრალურ-მისტერიულ,
სამოძღვრო ფუნქციებს და ა.შ. (გავიხსენოთ გიორგი მეორე და მისი ვაჟი
დავით აღმაშენებელი და არა მხოლოდ). თუ რამდენად გავლენიანი მმართველი
იქნება მეუფე შიო საპატრიარქოს თუ სინოდის ადმინისტრირებისას ან რა
ძალაუფლების დელეგირება და აკუმულირება მოხდება მის როლში, ეს
დამოკიდებულია თავად პატრიარქზე, საპატრიარქოს ადმინისტრაციაზე,
სინოდზე და მეუფე შიოს პირად გამჭრიახობასა და უნარზე მოიხვეჭოს
ავტორიტეტი (არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო/პოლიტიკურ
სფეროებშიც) და იყოს ეფექტური. ამაზევეა დამოკიდებული მისი მომავალი
გაპატრიარქებაც.
- სწორედ გაპატრიარქებაზე მინდოდა მეკითხა: გააჩნია თუ არა
მოსაყდრეს რაიმე უპირატესობა საპატრიარქო ტახტზე?
- თანამოსაყდრე შეიძლება განიხილებოდეს შეთავაზებულ მემკვიდრედ
(გიორგი მესამე და თამარი), მაგრამ ეს მხოლოდ შეთავაზებაა და არა
დანიშვნა. ირჩევს სინოდი და, იდეალურ შემთხვევაში, უდასტურებს მრევლი
(ისტორიულად ამას ნიშნავს მგალობელთა/მრევლის საპასუხო შეძახილი
"აქსიოს/ღირსია")!
რა თქმა უნდა, შეგვეძლო გვეფიქრა თანამოსაყდრის სხვა შესაფერის
კანდიდატზეც. მაგალითად, მეუფე მელქისედეკი, რომელსაც ათენის
უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. შეიძლება გვევარაუდა, რომ ბერძნული
არჩევანი უმჯობესი იქნებოდა. თუმცა, ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენთვის
არაა ცნობილი ყველა არსებული დეტალი. რაც სახეზეა, მეუფე შიო არის
ნამდვილად შესაფერისი კანდიდატი და პატრიარქის მხრიდან მისი გამორჩევა
იყო ძალიან სასიამოვნო შემოთავაზება, დავკვირვებოდით ამ
პიროვნებას.
- და ამ "დაკვირვებით" თუ შეიძლება უკვე რაიმე დასკვნების
გამოტანა?
- დავიცადოთ, ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს იგი თავს. ჯერჯერობით რაც
მოესწრო, არის მისი საკვირაო ქადაგება მოწყალე სამარიტელზე. ამ
ქადაგებაში გამოვყოფდი სამ ასპექტს. ერთს წმინდა ტექნიკურს და ორს
თეორიულს, გნებავთ, პრაქტიკულ-თეორიულს.
პირველი — მისი ლაპარაკის მანერა იყო ძალიან სადა. ეს, ერთი მხრივ,
ასეც უნდა იყოს, რადგან მაღალფარდოვანებას ან მკვეთრად ქალაქურ
"მოქცევებს" მრევლის გაუცხოებაც შეუძლია. უბრალო ენით მეტყველება
შეიძლება საშურიც იყოს. ოღონდ შესაძლებელია ლექსიკის გამდიდრება და
სინტაქსური გამართულობა. ამასთან, სასურველი და სათანადო იქნებოდა,
ძველი და ახალი ენების გამიჯვნა. ვგულისხმობ, მეტყველებისას მათ
ერთმანეთში არ გადარევას. თუმცა, პატრიარქებს მაინც უწევთ მეტყველების
სტილის შეცვლა და ფრაზების გაცხრილვა. მაგალითად, მიუხედავად იმისა,
რომ "свинина" სხვანაირად ისმინება ვიდრე "мяса свиней", ან
„pork“ ვიდრე „pig meat“, მაინც იძულებითად შემოდის "იუდაური
დიეტური აკრძალვები" ან მსგავსი ფრაზები.
რაც შეეხება, ქადაგების თეორიულ-პრაქტიკულ თუ იდეურ მხარეს.
სასიამოვნო სიურპრიზი იყო მისი ტოლერანტური ხასიათი და 60-70-იანი
წლების ეთნოცენტრული ნარატივიდან (რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაა
"ქართველთა მარში") გადახვევა. ეს ნარატივი შეიძლება მან არც უარყო,
მაგრამ განათავსა კი უფრო ვრცელ მიმართებით სივრცეში. აღნიშნა, რომ
ყველა მოყვასია, ვისაც ემოყვასები. ყველა ნათესავია, ყველა
თანა-ადამიანია, ყველა ღვთის შვილია და არჩევანი ჩვენზეა, მეტიც
თითოეულზეა. და ესაა სწორედ მეორე თეორიული ასპექტი, რაზეც მსურს
საუბარი. ეთნოცენტრული ნარატივის "დუგინური" მომენტი ხომ გულისხმობს
ჯგუფური, გნებავთ, ჯოგური ცობიერების დომინირებას
კერძო-ინდივიდუალურზე. მეუფე შიომ კი შემოგვთავაზა, თითოეულმა
ჩავიხედოთ საკუთარ გულში. ანუ თითოეული პიროვნება იქცევა რჯულის თუ
ტრადიციის ცენტრად, ვის გულშიც უნდა ფოკუსირდეს, გადატყდეს და
გადაწყდეს, გამოიკვეთოს რჯულის მთავარი საკითხი — "გიყვარდეს მოყვასი
შენი" და ამ დამოკიდებულების შუქზე რჯულში ამოიცნობოდეს პიროვნება
ქრისტე, ღმერთი ადამიანად და ადამიანი ღმერთად: "გამოიძიებდით წიგნთა,
რამეთუ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ გაქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მათ შინა; და
იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს" (ინ 5:39); "და იწყო
მოსესითაგან და წინაწარმეტყუელთა და გამოუთარგმანებდა მათ ყოველთაგან
წიგნთა მისთჳს" (ლკ 24:27); "მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ
გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა,
იგი მე მიყავთ" (მთ 25:40). ცნება "მოყვასის" ამგვარად განმარტება,
ნამდვილად შესანიშნავ და იმედისმომცემ დასაწყისად შეგვიძლია
მივიჩნიოთ.
- პრაქტიკულად "ადამიანის უფლებებზეა"
საუბარი...
- თითქმის აღარაფერი დარჩა "ადამიანთა უფლებებამდე". თუ დავამატებთ
იმას, რომ ბოლო ხანებში ეპისკოპატის ნაწილი ფრიად დადებითად
ალაპარაკდა დასავლეთის შესახებ, სასიხარულო მოვლენადაც კი შეგვიძლია
მივიჩნიოთ, რაც ხდება ჩვენ თვალწინ ეკლესიაში ამ ბოლო ხანებში. ისე
ჩანს, რომ პატრიარქმა წინწამოწია ეპისკოპოსების ჯგუფი, რომელიც
ვიწრო-ნაციონალურ და რადიკალურ ორთოდოქსიაზე მაღლა დგება და,
შესაბამისად, ერთადერთ პარტნიორად რუსეთს არ სახავს. ასე რომ, მეუფე
შიოს წარდგინება, ერთი მხრივ, რუსეთისადმი კეთილგანწყობის დასტურია,
რაც უდავოდ კარგია საეკლესიო ერთიანობისა და სასურველი თანასწორი
ურთიერთობების თვალსაზრისით. ხოლო მეორე მხრივ, მისი წარდგინება,
ქადაგება და აღნიშნული სხვა მოვლენებიც გვაიმედებს, რომ იხსნება
"დასავლეთის ფრონტიც", ანუ გადაიხსნება "რკინის ფარდა" და იშლება
ახალი და ფართო ჰორიზონტი. იმედი უნდა ვიქონიოთ!
-
ანუ ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ ქართულ
მართლმადიდებელ ეკლესიაში?
- ამ ფონზე, ყველა დეტალი, რომელიც პრობლემად გვესახება, ახალ
ურთიერთმიმართებებსა და შინაარს იძენს. ბოლო-ბოლო ყველაზე საშიში
პრობლემა სტაგნაციაა, რადგან "წყნარ მღვრიეში ეშმაკები ყიყინებენ" (В
тихом омуте черти водятся,still waters run deep, წყნარ ჭაობში
ეშმაკები ბუდობენ). ახლა კი, ამოძრავების ნიშნებია. როგორც
მამარდაშვილი იტყოდა, დიდხანს ჯდომით გამოწვეული დაბუჟების მერე
სიარულის მცდელობა მტკივნეულია და ითხოვს მოთმინებას, რათა კვლავ
კომფორტულ მდგომარეობას არ მივუბრუნდეთ. ამისათვის კი, ერთ-ერთი რაც
გვჭირდება არის კეთილგანწყობა. ფრაზის "დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა,
და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ" (ლკ 2:14)
ბოლო სიტყვა დედანში არის "εὐδοκίας", რომლის მნიშვნელობაც და ფორმაც
იმგვარია, რომ შეიძლება გაიგებოდეს "კეთილ ნებად" ანუ
"კეთილგანწყობადაც". მშვიდობა და წარმატება ადამიანთა შორის
კეთილგანწყობაზეცაა დამოკიდებული და ამის გამო ღმერთის კეთილ
ნებაზეც.
ზემონათქვამმა ერთ რამეზეც დამაფიქრა. ჩვენ, ვინც სხვადასხვა მომენტში
რაღაცნაირად დავუპირისპირდით პატრიარქს და ამით ზოგიერთმა თავი
დავაყენეთ საქართველოს ეკლესიის მიღმა, იქნებ შეგვეძლო სხვანაირი
დისპოზიციონირება მის მიმართ იმ შემთხვევაშიც, თუ მისი ამა თუ იმ
საქმიანობისადმი შევინარჩუნებდით ღია თუ დაფარულ კრიტიკულ
მიმართებას?! იქნებ კრიტიკასთან ერთად საქმიანობის და გასაკეთებლის
მკაფიო იდეებიც შეგვეთავაზებინა?! ხომ არ აჯობებდა, მკვეთრი
დაპირისპირებისათვის ჯანყის ფორმა აგვერიდებინა და თანამშრომლობის
ცხადი მზაობა გამოგვეჩინა?! ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ნაწილ ჩვენგანს,
მოვდიოდით რა ლამის სრული უკუნიდან და ხელის ცეცებით ვიკვლევდით გზას,
არ გვქონდა ამგვარი მზაობა ან ცხადად ვერ წარმოვაჩინეთ იგი.
პატრიარქის მიერ მეუფე შიოს გამორჩევა ამგვარ საყვედურადაც ჩამესმა და
თუ ეს ასეა, მე ვიღებ ამ საყვედურს!
მასალის გამოყენების პირობები