პოლიტიკა
განადგურებული ისტორია და საპირფარეშოდ ქცეული კულტურული მემკვიდრეობა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა, საიდანაც 7 წლის წინ ექსპონატები გადაიტანეს, მიტოვებული და ამორტიზებულია.
ექსპონატების გადატანასთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საუკუნოვანმა შენობამ, ფუნქციაც დაკარგა. ახლა მისი ერთადერთი დანიშნულება  საპირფარეშოა.

ბოლო წლებში შენობის ნაწილმა, და ეს მხოლოდ მისი ფასადია, უმნიშვნელო ფუნქცია შეიძინა.  მხოლოდ იმის წყალობით, რომ მისი წინა მხარე ცენტრალურ მოედანს გადაჰყურებს, ყოფილი ხელისუფლება მას საინფორმაციო ბანერის განსათავსებლად იყენებდა. თუმცა, ესეც იმიტომ, რომ ამორტიზებულ ფასადს ქალაქის იერსახე არ დაემახინჯებია.



შენობის ფასადზე ახლა აღარც ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერია და არც მისი ბედით დაინტერესებულა ვინმე.

ნახეთ, როგორ გამოიყურება XIX საუკუნის 60-იან წლებში აგებული ორსართულიანი შენობა დღეს:



წლების განმავლობაში ქალაქის ყოფილი ხელისუფლება ამბობდა, რომ შენობისთვის ფუნქციის მოძებნით თავადაც იყო დაინტერესებული, თუმცა, მისი მდებარეობის მიუხედავად, მისით ინვესტორის დაინტერესება ვერ მოხერხდა.

გასულ წელს, შენობის გვერდით "მაკდონალდსის" მორიგი ფილიალის გახნის პარალელურად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობის შეძენა "მაკდონალდსის" მეპატრონეს, თემურ ჭყონიას სურდა და ადგილზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნას გეგმავდა.

ბიზნესმენმა მაშინ ქუთაისის მერიაში  ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმა. შეთანხმების მიხედვით,  ჭყონიას  ადგილზე 100 ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებია.

ქუთაისის მერიაში მაშინ ითქვა, რომ შენობის შესყიდვის პროცედურები დაწყებული იყო და ადგილზე 13 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.

მემორანდუმის გაფორმებიდან ერთი წლის შემდეგაც შენობა კვლავ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. უწყებაში ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ შენობა არ გასხვისებულა და ის კვლავ სახელმწიფო საკუთრებაა.

იგივეს ადასტურებენ ქუთაისის მერიაში.

მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი ამბობს, რომ შენობით დაინტერესებას კვლავ გამოთქვამს რამდენიმე ინვესტორი. თუმცა, ჯერ-ჯერობით შეთანხმება არავისთან არის მიღწეული.

"შემიძლია დაგეთანხმოთ იმაში, რომ დაინტერესება ნამდვილად არის, რომ აშენდეს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. შენობას განკარგავს ეკონომიკის სამინისტრო და თუ რამე შეიცვლება, აუცილებლად იქნება ჩვენთან შეთანხმებული. ჩვენც ვთვლით, რომ ეს შენობა ასე არ უნდა იყოს, მაგრამ რადგან შენობა სახელმწიფოსია, ჩვენ ვერ ჩავერევით მის განკარგვაში", - ამბობს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი.

რატომ არ განახორციელა თემურ ჭყონიამ  მემორანდუმით გათვალისწინებული ვადებულებები, უცნობია.  მცდელობის მიუხედავდ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. 


საუკუნოვანი შენობის ისტორია

თბილისის ქუჩაზე, ქვეყნის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი კულტურული და ისტორიული ნიმუშები, ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ინახებოდა. თუმცა, შენობა სპეციალურად მუზეუმისთვის არ აუშენებიათ.

1860-იან წლებში აგებული ორსართულიანი სახლი, თავად ნიკოლოზ ერისთავს ეკუთვნოდა. 1900-იანი წლებიდან შენობაში მარგანეცის მრეწველთა საბჭოს კანტორა იყო განთავსებული.

1940-იან წლებში შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. მუზეუმი კი იქ მხოლოდ 1948 წელს განთავსდა. მანამდე, კოლექცია ცნობილი მოღვაწის, მუზეუმის გამგის, გრიგოლ გველესიანის სახლში ინახებოდა ( მ. იაშვილის ქ. #11).
ამ კოლექციის ბაზაზე ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი 1922 წელს დაარსდა. მისი პირველი დირექტორი ტრიფონ ჯაფარიძე იყო.

წლების განმავლობაში მუზეუმში დაცული იყო არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური ეპოქის ძეგლები, ქართული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობები. ოქრომჭედლობის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინის, ქსოვილისა და ხის ნაწარმის ნიმუშები. უნიკალური ქართული ხელნაწერების კოლექცია და უმნიშვნელოვანესი ეთნოგრაფიული მასალები. სულ 150 000-ზე მეტი ექსპონატი.

2011 წელს, თბილისის ქუჩაზე მდებარე შენობის სიძველის გამო, სამუზეუმო ექსპონატები პუშკინის ქუჩაზე, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობაში გადაიტანეს, სადაც ამჟამად მხოლოდ ორი საგამოფენო დარბაზი მუშაობს და არასაკმარისი სივრცის გამო, ექსპონატების ნაწილის გამოფენა ვერ ხერხდება.


ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.