პოლიტიკა
ჯიხაიში - სოფელი ევროპული პერსპექტივით (ვიდეო)
FaceBook
სოფელი დიდი ჯიხაიში, ფართობით მართლაც ყველაზე დიდია მთელს იმერეთში. ფართობის მსგავსად დიდია სოფლის სამომავალო გეგმები და ამბიციები. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმით ტურისტების დაინტერესება, აგრარული პროფესიული სასწავლებლისა და ყოფილი საფეხბურთო ბაზის განახლება - ასეთია ხედვა, რომელიც ჯიხაიშელების აზრით, სოფელს ევროპული განვითარების გზაზე წაიყვანს.

***
დიდი ჯიხაიში სამტრედიის მუნიციპალიტეტში შემავალი იმერული სოფელია. ის დაბლობზე, ზღვის დონიდან 40 მეტრზე მდებარეობს.

ქუთაისიდან ამ სოფელში მოსახვედრად, ავტომობილით 20 კილომეტრის გავლა მოგიწევთ.



დიდი ჯიხაიშის ფართობი 33,2 კმ2 - ია. სოფელში 1400 კომლი ცხოვრობს. აქ რაც თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს, ერთნაირი სახლებია. თითქოს ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ საცხოვრებელი პატარა, ერთ ან ორ სართულიანი, ლამაზი და კოხტა ააშენონ. გლეხების ძირითადი შემოსავალი მესაქონლეობა და მიწათმოქმედებაა. მართალია, 2017 წელს მიწის დამუშავებამ ადგილობრივებს შემოსავალი ვერ მოუტანა, თუმცა, თავის რჩენა მესაქონლეობითა და რძის პროდუქტების წარმოებით მოახერხეს.



"ფაროსანამ სოფელში მოსული წიწაკაც კი შეჭამა. ხალხს გაუფუჭდა სიმინდის ნათესები, თხილი. ჩვენც თხილის მოსავალი გაგვინადგურდა, მაგრამ ძროხებმა გადაგვარჩინა. ყველი ამოგვყავს და ვყიდით. ახლა ასე გავიტანეთ თავი," - ამბობს ადგილობრივი გლეხი თამარა ჯანელიძე. თამარას მსგავს ისტორიებს ყვებიან დანარჩენებიც.



სამტრედიის მერის რწმუნებული ჯიხაიშის მუნიციპალიტეტში გვიხსნის, რომ მომდევნო წელს მოსახლეობა ფაროსანასთან გამკლავებას შეძლებს, რადგან სოფელში უკვე ხემცენარეები საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ შეიწამლა.

ჯიხაიშის ადგილობრივ მმართველობის ორგანოში განმარტავენ, რომ სოფელს განვითარებისთვის ტრადიციულ მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებასთან ერთად, განვითარების სხვა ეტაპებიც უნდა გაიაროს.

ნიკო ნიკოლაძის მუზეუმში ტურისტების მოზიდვა, პროფესიული სასწავლებელის რეაბილიტაცია და სპორტული კომპლექსის განახლება - ამ იდეების განხორციელება მერის რწმუნებულის, ნუგზარ ნუცუბიძის აზრით სოფლის ევროპული მომავლის საწინდარია.

მისივე თქმით, ჯიხაიშსს მეტ პერსპექტივას გაუჩენს საბჭოთა პერიოდში აშენებული საფეხბურთო ბაზის აღდგენა. ის ყვება, რომ ხსენებული სპორტული კომპლექსი საწვრთნელი მოედნებით, სასტუმროთი და ბუნებით თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელს საქართველოში. ასევე, სპორტულ ცენტრს არაერთხელ უმასპინძლია უცხოეთიდან ჩამოსული სპორტსმენებისთვის.

ამ მოგონებების ფონზე, სპორტული ცენტრი ახლა უფუნქციოდ დგას შუაგულ ჯიხაიშში. ამორტიზებულია კომპლექსში არსებული შენობები. თუმცა ნანგრევებად ქცეულ სპორტულ ბაზას თანამედროვეობაში, შესაძლოა, ახალი პერსპექტივა გაუჩნდეს, რადგან მერის რწმუნებული აცხადებს, რომ იდეას ბაზის აღდგენის თაობაზე უახლოეს მომავალში, მთავრობას წარუდგენს.




ვიდრე მომავალი ჯიხაიშის სპორტულ ბაზას ძველ დიდებას დაუბრუნებს, რწმუნებულს ვკითხეთ, თუ რა გაკეთდა სოფლის განვითარებისთვის მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე.

ორი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, სოფლის სრული გაზიფიცირება და გზის რეაბილიტაცია - ეს არის ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლების მთავარი მონაპოვარი ბოლო ოთხი წლის მანძილზე. რწმუნებულის ნუგზარ ნუცუბიძის თქმით, ყველაზე გამორჩეული ფაქტი საზოგადოებრივი ცენტრის მოწყობა გახლდათ, რადგან ადგილობრივები მათთვის საჭირო სერვისებით უკვე სოფლიდან გაუსვლელად სარგებლობენ.

"აქ არიან ბანკის წარმომადგენლები, ტარდება იურიდიული პროცედურები. თუმცა, ყველაზე დიდი პოპულარობით მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების პროცედურებით სარგებლობენ გლეხები. საზოგადოებრივი ცენტრის მოწყობა სოფლისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო ნამდვილად, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფელი ვითარდება," - აცხადებს ნუგზარ ნუცუბიძე.

ჯიხაიშის გამგეობაში ამბობენ, რომ სოფლის განვითარებას ხელს ახლა მისი ადგილმდებარეობაც უწყობს, რადგან დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტთანაა ახლოს. აეროპორტში ჩამოსულმა ტურისტებმა, რომლებიც ასე ხშირად სტუმრობენ ხონს, ოკაცეს კანიონის სანახავად, გზად აუცილებლად დიდი ჯიხაიში უნდა გაიარონ.

სწორედ, გზად გავლილი ტურისტის სოფლით დაინტერესება მიაჩნიათ ჯიხაიშში განვითარების კიდევ ერთ საშუალებად. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ტურისტებისთვის ინტერესის საგანი, ამავე სოფელში არსებული ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დათვალიერება უნდა გახდეს.

"ამ სოფელს დიდი წარსული აქვს ნიკო ნიკოლაძის სახით, რადგან ის იყო პირველი პროგრესულად მოაზროვნე დიდი ქართველი, რომლის სახლმუზეუმიც სწორედ აქ, ამ სოფელში მდებარეობს და ის ტურისტებმა უნდა ნახონ," - ამბობენ ადგილობრივები. 

მუზეუმის დირექტორი, ლია ბიბილეიშვილი გვიყვება, რომ მუზეუმს ტურისტები ბოლო ორი წელია სტუმრობენ. თუმცა, ვიზიტორების დიდი რაოდენობით მოზიდვას სარეკლამო კამპანია სჭირდება.

ნიკო ნიკოლაძის სახლი ჯიხაიშში თავად მის მიერ გაშენებული უნიკალური პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს.

გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტისა და განმანათლებლის სახლ-მუზეუმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ისტორიული ძეგლების დაცვის, გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2015-16 წლებში რეაბილიტირდა. სამუზეუმო კომპლექსის ძირითადი ნაწილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლია. სახლ-მუზეუმს მისი არსებობის განმავლობაში კაპიტალური რემონტი ხუთჯერ ჩაუტარდა. ბოლოს ის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით 2003 წელს გაარემონტეს.

მუზეუმში ინახება ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის ნივთები: ავეჯი, მდიდარი ბიბლიოთეკა, ფოტოები, დოკუმენტები, იმ ეპოქის უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების ნიმუშები, რომლებიც ნიკო ნიკოლაძემ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოიტანა, მათ შორისაა ფოტოაპარატი "კოდაკი", სარეცხი მანქანა, მზის საათი, ასევე თავად ნიკოლაძის მიერ შექმნილი ქარის ძრავი.

"აუცილებელია მუზეუმი ჩაისვას ტურისტებისთვის მოსანახულებელ ობიექტების სიაში, ამისთვის ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო, რეკლამა, რისთვისაც ჩვენ არ გვაქვს ფული," - ამბობს მუზეუმის დირექტორი, ლია ბიბილეიშვილი, რომელმაც ამავდროულად, სახლ-მუზეუმში გიდობაც გაგვიწია.



კიდევ ერთი ობიექტი, რომლითაც სოფელი დღემდე თავს იწონებს, ისიც ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. ეს პროფესიული სასწავლებელია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის სახელით 1925 წელს გაიხსნა. მოგვიანებით, საგანმანათლებლო დაწესებულება აგრარულ ტექნიკუმად გადაკეთდა და 1500 - მდე სტუდენტს განათლების მიღების საშუალებას აძლევდა.

მრავალგზის ტრანსფორმაციის შემდეგ, დღესდღეობით ის წარმოადგენს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და მისი ფილიალია იმერეთის რეგიონში.
ამჟამად, აქ 100-მდე სტუდენტი სასოფლო-სამეურნეო და აგრარულ სპეციალობებზე სწავლობენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სასწავლებლის საქმიანობის განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა და დღესაც ითვლება სპორტი. რადგან აქ მოქმედებს ფრენბურთელ ქალთა გუნდი "ჯიკო", რომელიც სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ათგზის ჩემპიონია.

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ფრენბურთი განსაკუთრებით უყვართ, რადგან იციან, რომ საქართველოში სპორტის ამ სახეობაში თავიანთი თანასოფლელები თამაშობენ.

"სულ ვგულშემატკივრობთ გოგონებს, ისინი ძალიან მაგრები არიან. საერთოდ, ჩვენი სოფელიც მაგარია და თუ კიდევ მეტი განვითარება ექნება, უკეთესი გახდება, უფრო განვითარდება და მისი მიტოვება გლეხს აღარ მოუწევს," - ამბობს ადგილობრივი თინიკო ჯინჭარაძე.

ჯიხაიშში განვითარება და ევროპასთან დაახლოების სურვილი რომ აქვთ, ამას ინგლისური ენის კლუბის გახსნითაც გვიმტკიცებენ, რომელიც 2017 წლის 18 დეკემბერს ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა სოფლის საზოგადოებრივ ცენტრში.

თანამდროვე ინიციატივების პარალელურად, დიდი ჯიხაიში გამოწვევების წინაშეა, რადგან ჯერჯერობით, იდეის დონეზე არსებული პროექტები რეალობად ქცევის, ხოლო სოფელი ევროპული მომავლის მოლოდინშია.

სტატია მომზადებულია ქუთაისიპოსტის რუბრიკის "სოფლის ცხოვრების ევროპული პერსპექტივა" ფარგლებში. მისი მიზანია აჩვენოს ევროპული ღირებულებები სოფლის ცხოვრებაში, მულტიმედია ფორმატით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.