ბლოგები
“რატომ სურს საპატრიარქოს ტყეები, ტბები, მდინარეები და ტერიტორიები?! - მირიან გამრეკელაშვილი
FaceBook
პარლამენტმა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 20 ჰექტარი ტყის დაკანონების შესახებ კანონი 22 მაისს მიიღო. ცვლილების მიხედვით, ეკლესია-მონასტრების გარშემო ტყის მასივი, რომელიც საპატრიარქოს მიჩენის ფორმით ჰქონდა გადაცემული, ახლა მისი დაკანონების უფლებას აძლევს. ამასთანავე, განისაზღვრა, რომ გადასაცემი ტყის ფართობი შესაძლოა იყოს 20 ჰექტარი. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ეს მართლმადიდებლურ ეკლესიას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს და არც თუ ისე ღარიბ საპატრიარქოს, კიდევ უფრო გამდიდრების საშუალებას აძლევს.
რაში ჭირდება ტყე საპატრიარქოს?
არის თუ არა ტყის მოვლა-პატრონობა ქრისტიანული ეკლესიის მისია? 

გთავაზობთ თეოლოგიის დოქტორის მირიან გამრეკელაშვილის მოსაზრებას ამ საკითხზე.

„საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემა ერთი შეხედვით არის კორუფციულ-პოლიტიკური აქტი და თითქოს არ უკავშირდება წმინდა წყლის თეოლოგიურ მოვლენას, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, აქაც ადგილი აქვს კონკრეტული ხედვის ხორცშესხმას.ეს გახლავთ ე.წ. ჰიეროტოპონიმიკა, წარმართობიდან ნასესხები, ქრისტიანობაში გადმოსული ასე ვთქვათ წარმოდგენა წმინდა ადგილების, ტერიტორიების შესახებ, რომელიც არის საღვთო, წმინდაა და ექვემდებარება რომელიმე რელიგიას ან კონკრეტულ კულტს (ამ თემაზე ძირეული გამოკვლევები აქვს პროფ.მარიამ ჩხარტიშვილს).

წმინდა ადგილების განსხვავებული გაგება არსებობდა იუდაიზმში, რომელიც შეგნებულად ერიდებოდა მეხსიერებითი ტიპოსების გაკერპებას. ეს ტენდენცია პირველი საუკუნეების ქრისტიანულ ეკლესიაში შენარჩუნებული იქნა. თუმცა რეალობა შეიცვალა მეოთხე საუკუნიდან, როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ და დედოფალმა ელენემ ქრისტეს საფლავი ხელახლა აღმოაჩინეს, სხვა ადგილების იდენტიფიცირებაც მოახდინეს, გააკულტეს მომლოცველობის ობიექტად აქციეს და ა.შ.

ჩვენი ქვეყნის გაქრისტიანების ისტორია, იმითაც არის ერთის მხრივ გამორჩეული, რომ აი ამ ჰიეროტოპონიმიკური გადასვლის შესახებ საკმაოდ ვრცელი ცნობები მოგვეპოვება. მაგალითად ვიცით რომ სვეტიცხოვლის ადგილი, სადაც აგებულია ეს ტაძარი ჯერ კიდევ წარმართულ საქართველოში იყო წმინდა. ძალიან ბევრმა მაგიური გაგებით წარმართულმა ალაგმა ადგილი ქრისტიანულ კულტებს დაუთმო, მაგრამ განაზრების სქემა თითქმის იგივე დარჩა. ამ მხრივ გამორჩეულია საქართველოს მთიანეთი, სადაც დათქმული ადგილები წმინდად ითვლება და მთელ რიგ აკრძალვებს უკავშირდება, მათ შორის ამ ტერიტორიაზე ქალების გადაადგილებაა მკაცრად აკრძალული. ქრისტიანული თეოლოგიის თვალსაზრისით მთელი დედამიწა წმინდაა რადგან იგი ყველგანმყოფი უფლის საბრძანებელია და ქრისტესგან გამოხნილ ადამიანთა მოდგმას ნებისმიერ ადგილას შეუძლია იპოვოს გზა მასთან შეხვედრისა.

თემა, რომ არ გაგვექცეს, მოდი დავსვათ საკითხი ასე - მაშ რაში ესაჭიროება ეკლესიას ტყე? ან უფრო შორს წავიდეთ, არის თუ არა ტყის მცველობა, რეინჯერობა საქართველოს ეკლესიიისა და მისი სამღვდელოების ფუნქცია, რომელიც მათ ერმა ან სულაც უფალმა დაავალა? არის კი ეს მათი მისია? სწორედ აქ შემოდის შინაარსგამოცლილი, ახლებური გაგება ჰიეროტოპონიმიკისა ანუ ერთგვარი „წმინდა გეოგრაფია“ და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკლესიას საკუთარი თავი ესმის არა როგორ ღვთის სიტყვის გამავრცელებელი მისია ამ დედამიწაზე, კარი სასუფევლისკენ, რომელსაც ასე ვთქვათ წინ უნდა უძღოდეს სახარების ნათელის მოფენა მოსახლეობისთვის, არამედ უფრო როგორც რაღაც დეველოპერული ჰოლდინგი, რომელიც უნდა განფენილ იქნას სივრცესა და დროში. მხოლოდ გეოგრაფიული სივრცის ათვისების სტრატეგია არის ერთ- ერთი მთავარი მიზანი, რასაც საპატრიარქო ამ ბოლო დროს მისდევს. ესაა სივრცის აღქმის თავისებური მანერა.

დასავლეთში ქრისტიანობას საკუთარი თავი ურბანული თუ ლანშაფტური გარემოს განუყოფელ ნაწილად ესმის, რის გამოც საკუთარ სივრცეს ხშირად უთმობს, მუსიკალურ, ფოლკლორულ კონცერტებს, გამოფენებსა თუ სხვა კულტურულ ღონისძიებებს.

განსხვავებული მიდგომაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. გერმანიაში პროტესტანტულმა ეკლესიამ ახალგაზრდებს საკუთარ ტერიტორიაზე პოკემონ გოუს (Pokémon GO) თამაშის ნებართვა მისცა და მოუწოდა, რომ ეკლესია მათიცაა, იგივე თამაშის დროს ტაძარში შესვლისთვის რუსეთში ახალგაზრდა დააკავეს. უფრო მკაცრად მოექცნენ ბენდის პუსი რაიოტის (Pussy Riot) წევრებს, რომლებიც გაასამრთლეს და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში განამწესეს.

ჩვენი “დიდი ძმის“ მსგავსი დამოკიდებულება სუფევს საქართველოშიც. სიცხადისთვის რამოდენიმე მაგალითს მოვიხმობ. კაცხის სვეტი ყევლას გაგვიგონია, იქ იყო ოდესღაც მონასტერი შემდეგ ეს მონასტერი აღადგინეს. აღდგენას თან ახლდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან ამ მონასტრის დაფინანსება, აშენება, დამშვენება. მაგალითად ახლაც იქ ბერებს უწყობენ წყლის სისტემას, რაც შეიძლება კარგიც იყოს ტურისტებისთვის. მონასტრის გადმოღმა საკმაოდ მოშორებით არის ასევე კლდის მასივი. ამ კლდეზე იყო სავარჯიშოები მოწყობილი მეკლდეურებისთვის. იქ იყო მიყვანილი გზა და წლების განმავლობაში განვითარებული მცირე სახის ინფრასტრუქტურა. როდესაც ეს მეკლდეურები კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ მონასტრის ტერიტორიასთან, გამოვიდა რომელიღაც ადგილობრივი მამაო და განუცხადა, რომ მორჩა აქ ვერ ივარჯიშებენ ეს კლდე ეკუთვნის მონასტერს და არის „წმინდა კლდე“.

მათ აუკრძალეს ასეთი ტიპის ვარჯიშები და წვრთნები იქ ვეღარ მიმდინარეობს. ზუსტად რატომ მოიმოქმედეს ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ სავარაუდოდ მათ საკუთარი გაგებით შთანთქეს, აითვისეს ტერიტორია. ალბათ ბერებს სიმყუდროვეც ერღვეოდათ და ჩვენი პარადოქსიც სახეზეა - ბერებს რაღაცის მოთმენაც არ სურდათ, თუნდაც მცირედი ხმაურის. როგორ მოიქცეოდა ჯანსაღი ეკლესია ამ შემთხვევაში? შეიძლებოდა ბერებს ამ მეკლდეურებისთვის მიეტანათ მაგალითად წყალი, დაეპატიჟათ მათთან, ვთქვათ, ჩაიზე. ესაუბრათ, დამეგობრებულიყვნენ, შეიძლება თავადაც ესწავლათ კლდეზე ცოცვა, რადგან კლდეზეა მათი მონასტერი, ან პირიქით რომელიმე სპორტსმენი დაინტერესებულიყო რელიგიით და რწმენა, უფალი ეპოვა.

მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რადგან გარემოსაგან სრული იზოლაცია და ამ დამოკიდებულების აგრესიულად სივრცეში განფენა არის, სამწუხაროდ ჩვენი ეკლესიის მთავარი პუნქტი.

ტყეების გადაცემის შემთხვევა, შეიცავს უმთავრესად იმ საფრთხეს, რომ ბევრი ტყის ნაწილი, რომელიც კვეთაშია მოქცეული ეკლესია -მონასტერსა და ურბანულ სივრცეს შორის დაკეტილი აღმოჩნდება ჩვეულებრვი მოქალაქეებისათვის. ის გადაიქცევა მონასტერთა ბინადრების პირად სასეირნო და რეკრეაციულ სივრცედ, როგორც ეს ლისის ტბის ტერიტორიაზე მოხდა. ჩემი აზრით არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი საფრთხე.

ამის მაგალითია ოზურგეთში შემოქმედის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები, როდესაც მონასტერმა ტყე უბრალოდ მიისაკუთრა, შემოღობა და დაკეტა. იქ ხალხი ვეღარ შედის, რასაც მანამდე სიამოვნებით აკეთებდა. ეს ტყე-პარკი მოსახლეობას ძალიან უყვარს, იქ დადიოდა, შესაბამისად მუნიციპალიტეტი თხოვდა ეკონომიკის სამინისტროს, რომ გადაეცათ მათ მფლობელობაში, სადაც ისინი მოაწყობდნენ საზოგადოებრივ ტყე -პარკს, თუმცა მათ უარი მიიღეს სამინისტროდან. სამაგიეროდ წინასაარჩევნოდ გადასცეს ამ მონასტერს,. რის შემდეგაც იგი დაიკეტა მოსახლეობისთვის. მონასტრის წინამძღვარი მიზეზად ტყეში “გარყვნილი“ ადამიანების გადაადგილებას ასახელებს. თავად ის ბერი გახლავთ და სიყვარულის ნებისმიერი გამოვლენა მისთვის უკვე არის გარყვნილება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში ის თავს უფლებას აძლევს უაღრესად პირადი შეხედულება მონასტრის კედლების გარეთ, უფრო ვრცელ ტერიტორიებზე განავრცოს და აკრძალვებიც დააწესოს.

ალავერდის ტაძრის ირგვლივ ტყე, მღვდელმთავარმა ღამის ხედვის კამერებითა და მეტალოდეტექტორული სიგნალიზაციით აღჭურვა, რათა იქ “უცხომ“, ადგილობრივმა მოსახლეობამ არ გაიჭაჭანოს. ეკლესია არ ცდილობს გამოიმუშაოს მრავალფეროვან გარემოში, საზოგადოებასთან თანაარსებობის მექანიზმები.

ამ “აგრესიული ტერიტორიული განვრცობის“ ერთერთი გამოვლინებაა აგრეთვე განსხვავებულ აღმსარებლობათა კუთვნილი ნაგებობის თვთნებურად მითვისება და კურთხევის ახალი, კარნავალური ფორმები. მეორე და ყველაზე დიდი საფრთხე, რომელსაც ეს გარიგება ქმნის, ეხება იმ ეკლესიებს და გარემოს რომლებიც კულტურულ ძეგლებს წარმოადგენენ. აქაც სახეზეა ტრადიციული კონცეპტის ცვლა.

ძველად ეკლესია-მონასტრებს საქართველოში გარემოსთან შეხამებულად აგებდნენ, ისინი ბუნებრივი არეალის გაგრძელება გეგონებათ. არქიტექტურა, საშენი მასალა, ეზოს მოწყობა, ჰარმონიულად ერწყმის გარემოს. იყო მონასტრები,(მაგალითად მცხეთის ჯვარი), რომლებიც მაღლობზე შენდებოდნენ და ისინი რეპრეზენტატიულ, თვალსაჩინოების ფუნქციას იტვირთავდნენ ხოლმე. მაგრამ ასევე იყვნენ მონასტრები რომლებიც შენდებოდნენ ბუნების სიღრმეში და იმდენად ჰარმონიულად იყვნენ შეზრდილნი ბუნებასთან, რომ მაგალითად ყინწვისის მონასტერს თუ უშუალოდ არ მიადექი შორიდან ვერც კი დაინახავ. იქვე ახლოს კი არის მისი ახლად აშენებული პარადოქსული პარალელი. ესაა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ეკლესია, რომელიც არის ტიპიური მაგალითი იმ ხედვის იდენტიფიცირებისთვის, რასაც საპატრიარქო დიდ პოპულარიზებას უწევს ნაგებობებათა აღმართვისას: თავიდან ბოლომდე ყოველგვარი სულიერებისგან დაცლილი, ფუყე პომპეზურობა.


ტაძარი აგებულია პირწმინდად რუსულ სტილში, აქვს ბრჭყვიალა ოქროსფერი გუმბათები, რაც სრულიად უცხოა ქართული საეკლესიო არქიტექტურისთვის და ხელოვნურია არსებულ გარემოში. ამას გარდა ის მთის ფერდობზე იმგვარად არის აგებული რომ ყველა მხრიდან ჩანს. ეს პომპეზური თვალსაჩინოება, რომ უფრო ნათელი იყოს ირგვლივ ტყე მთლიანად გაჩეხილია. ეს არის ის ერთადერთი პრიორიტეტი, რომელსაც საპატრიარქო ახლა მისდევს, ამიტომ ახლა გასაკვირი არ იქნება, რომ იგი ბევრი ისტორიული მონასტრის ირგვლივ ტყეებს უბრალოდ გაკაფავს. როგორც ეს მოხდა, მაგალითად ფიტარეთის მონასტრის ირგვლივ, სადაც RMG Gold-ისგან ტექნიკა ინათხოვრეს და ისტორიულ გარემოს, სრულიად თვითნებურად, შეუცვალეს იერი. დაახლოებით იგივე მოვლენას ჰქონდა ადგილი ზუგდიდშიც, სადაც ტაძრის ირგვლივ მრავალწლოვანი ხეები გაჩეხეს, რათა იქ იტალიური კვიპაროსები დაერგოთ.

რაც შეეხება არგუმენტს, რომ ტყეებს საპატრიარქოს უკეთ მოუვლისო, მე მაინც ურწმუნო თომად დავრჩები. ან როგორ უნდა დავიჯერო ამ მოსაზრებისა, როდესაც ამ ინსტიტუციას ეკლესია-მონასტრებთან, საკუთარი ძალისხმევითა და ხარჯებით, არცერთი, ნორმალური სტანდარტის მქონე საზოგადოებრივი საპირფარეშო არ აუგია დღემდე? მიუხედავად იმისა, რომ ტყეების მატერიალური ღირებულება შეიძლება დიდი არ არის, არ გამოვრიცხავ, საპატრიარქოს ხე-ტყის ბიზნესში ხილვას, რაშიც მას ადგილობრივი სოვდაგრებიც დაეხმარებიან“.

პარლამენტმა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 20 ჰექტარი ტყის დაკანონების შესახებ კანონი 22 მაისს მიიღო. ცვლილების მიხედვით, ეკლესია-მონასტრების გარშემო ტყის მასივი, რომელიც საპატრიარქოს მიჩენის ფორმით ჰქონდა გადაცემული, ახლა მისი დაკანონების უფლებას აძლევს. ამასთანავე, განისაზღვრა, რომ გადასაცემი ტყის ფართობი შესაძლოა იყოს 20 ჰექტარი. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ეს მართლმადიდებლურ ეკლესიას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს და არც თუ ისე ღარიბ საპატრიარქოს, კიდევ უფრო გამდიდრების საშუალებას აძლევს.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლმა, მეუფე იოანემ ქუთაისიპოსტთან, ტყის კანონში შეტანილ იმ ცვლილებაზე განმარტა, რომ ტყის მასივების გადაცემით მათი ქონება არ გაიზრდება, არამედ მოიმატებს პასუხისმგებლობა .

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის რეგიონმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური
განვითარების პოტენციალი და ასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.
15:00 / 09.10.2024
იმერეთის რეგიონმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების პოტენციალი და ასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.