საცურაო აუზი "ლაგუნა", შესაძლოა, ქუთაისის წყალბურთელთა ნაკრებს
გადაეცეს.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს "ლაგუნას" მენეჯერმა, ელიზბარ არქანიამ
განუცხადა.
მისი თქმით, აუზთან ერთად საუბარია მიმდებარე ხელოვნურსაფარიანი
სტადიონისა და სამსართულიანი შენობის გაცვლაზეც, რის შესახებაც
მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე უწყებასთან მიმდინარეობს. მათ
შორისაა, ქუთაისის მერია და ეკონომიკის სამინისტრო.
არქანია აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ უკვე შეაფასა საცურაო
აუზი და მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ამჟამად კომპანია
"ვისოლის" საკუთრებაა.
"ყოველდღე ველოდებით პასუხს. ჯერ არ ვიცით მოხდება თუ არა გაცვლა," -
ამბობს საცურაო აუზ "ლაგუნას" მენეჯერი, ელიზბარ არქანია.
მისივე თქმით, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საცურაო
აუზი ქუთაისის წყალბურთელთა ნაკრებს გადაეცემა.
ამ საკითხზე ქუთაისის მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ და
მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ "ლაგუნასთან" მიმდინარეობს
მოლაპარაკებები.
მასალის გამოყენების პირობები