"მაკდონალდსის" მშენებლობის გამო, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებულ
საათს სხვა ადგილზე გადაიტანენ.
ამის შესახებ, "ქუთაისიპოსტს" ობიექტის მშენებლობაზე დასაქმებულებმა
განუცხადეს.
"საათი გადაინაცვლებს ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობის გვერდით.
საათი შეკეთდება, გასუფთავდება, კვარცხლბეკზე დაიდგმება და ჩვეული
ფორმით დარჩება," - ამბობს ობიექტის ერთ-ერთი მშენებელი, ივანე
ტოგონიძე.
მისივე თქმით, საათის დემონტაჟის სამუშაოები შეთანხმებულია ააიპ
"სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელობასთან, ხოლო მისი სხვა ადგილზე
გადანაცვლების საკითხი გარკვეულია ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და
ზედამხედველობის სამსახურთან.
ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში
აცხადებენ, რომ საათს იქამდე შეინახავენ ვიდრე "მაკდონალდსის" შენობა
არ აშენდება და ის უკეთეს ადგილზე გადაინაცვლებს.
"ეს ჩვეულებრივი უსაფრთხოების ზომებია იმისთვის, რომ საათი არ
დაზიანდეს. ასევე, საათს აქვს გარკვეული ხარვეზები, ის შეკეთდება და
უფრო გამართული დაუბრუნდება ქალაქის ცენტრს," - ამბობენ მერიის
არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, რომელიც მან მიმდინარე
წლის 18 იანვარს გააკეთა, "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო, ქალაქის
ცენტრალურ მოედანზე არსებული
საათის გადატანა არ გახდებოდა საჭირო.
"მაკდონალდსის" მშენებლობაზე დასაქმებულების ინფორმაციით, შეცვლილი
მდებარეობით სააათს თვენახევარში დაამონტაჟებენ.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე
"მაკდონალდსის" ახალი რესტორნის მშენებლობის
სამუშაოები მიმდინარეობს.
ობიექტს თბილისში რეგისტრირებული კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი"
აშენებს.
მასალის გამოყენების პირობები