საინფორმაციო სააგენტო „ქუთაისიპოსტი“ ბოდიშს უხდის მკითხველს
არასრული და დაუზუსტებელი ინფორმაციის მიწოდებისთვის.
საუბარი ეხება სტატიას, სათაურით - „ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში,
შესაძლოა, ბინები ქირით გაიცეს“.
გამომდინარე იქედან, რომ „ქუთაისიპოსტს“ არ მიეცა შესაძლებლობა
ინფორმაცია მიეღო მერიის პრესსამსახურიდან (არაერთი მცდელობის
მიუხედავად მერიის პრესსამსახური არ პასუხობს „ქუთაისიპოსტის“
ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს), როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოხდა
არასრული და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება.
ქუთაისიპოსტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია იყო, რომ
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში 48
უსახლკაროსთვის მოწყობილ სოციალურ საცხოვრისში, დამატებით 32
ბენეფიციარის დაკმაყოფილების მიზნით, შესაძლოა, ბინები (ორ სართულზე
არსებული ბინების ნაწილი) ქირით გაცემულიყო. თუმცა, ჩვენთვის უცნობი
იყო, თუ ვინ გასცემდა ბინებს ქირით, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ
მერიის პრესსამსახურში ჟურნალისტის სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.
სამაგიეროდ ქუთაისიპოსტი დაუკავშირდა შპს "სანოს", რომელიც სოციალური
საცხოვრისის რეაბილიტაციას ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი ლევან
ჭანტურიძე, ქუთაისიპოსტთან საუბარში ადასტურებს, რომ ბინების ნაწილის
ქირით გაცემაზე მოლაპრაკება მიმდინარეობს. თუმცა, ჯერჯერობით
გასაქირავებელი ოთახების ზუსტი რაოდენობა არ იცის.
დამატებითი ინფორმაცია, რომელიც სტატიას სრულ სახეს მისცემდა, მერიის
პრესსამსახურმა მხოლოდ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
"მერიამ კერძო პირისგან აშენებულ შენობაში, ნიკეას #40-ში 2500კვ.მ.
ფართი შეიძინა, სადაც 48 ოჯახი განთავსდება. ბინები ბენეფიციარებს
დროებით სარგებლობაში გადაეცემათ. ამ ფართების ქირით გადაცემა
კატეგორიულად გამორიცხულია. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკეას
#40-ში კერძო მესაკუთრეს აღნიშნულ კორპუსში რჩება გარკვეული ფართი და
ის ამ ფართს უნდა გააქირავებს და უნდა გაყიდის. ასევე, ქუთაისის
მერიასა და შ.პ.ს "სანოს" შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის
მიხედვითაც მერიამ შესაძლოა დარჩენილი ფართები, 2017 წელს ან შეიძინოს
ან ქირით აიღოს. აღნიშნული ფართი კი დამატებით სოციალურად დაუცველ
უსახლკარო ოჯახებს დროებით სარგებლობაში გადაეცემათ, " - ნათქვამია
პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისის მერიის დაკვეთით, შპს "სანომ" ნიკეას # 40–ში არსებული
კავშირგაბმულობის ყოფილი შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის
აგვისტოში დაიწყო. სამუშაოების ზედამხედველის, ჯიმი გეწაძის,
ინფორმაციით, სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
"წლის ბოლომდე მე–3, მე–4 და მე–5 სართულები დასრულდება. 1 და მე–2
სართულებზე კი ღებვითი სამუშაოები და იატაკის მოწესრიგება
დარჩება",–ამბობს ჯიმი გეწაძე.
ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის მშენებლობისთვის კონკურსი
მიმდინარე წლის 24 მაისს გამოაცხადა. შპს "სანო" ერთადერთი იყო,
რომელმაც კონკურსში მონაწილეობა მიიღო და მერიას უკვე აშენებული
შენობის რეაბილიტაცია შესთავაზა.
მიმდინარე წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქის ბიუჯეტიდან ამ
მიზნით ერთი მილიონი ლარი გამოყო. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის
მიხედვით კი, სოციალური საცხოვრისის მოწყობისთვის დამატებით 1 500 000
ლარი დაიხარჯება.
სოციალური საცხოვრისი ქუთაისის მერიის მფლობელობაში იქნება და ის
ბენეფიციარებს დროებით სარგებლობის უფლებით გადაეცემა.
ქუთაისის მერიაში საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით 700
განცხადებაა შესული.
სტატია სათაურით - „ქუთაისში
სოციალურ საცხოვრისში, შესაძლოა, ბინები ქირით გაიცეს“ რედაქციამ უკვე
მოხსნა ვებ-გვერდიდან. აქვე, ქუთაისიპოსტი მოუწოდებს მერიის
პრესსამსახურს, ითანამშრომლოს საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტებთან
და გასცეს სრული ინფორმაცია, იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი
შემთხვევები აღარ განმეორდეს.
მასალის გამოყენების პირობები