ქუთაისში, კომპანია "SMK"-ს ყოფილი თანამშრომელი, ივანე შალამბერიძე
კუთვნილ კომპენაციას ითხოვს.
წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ყოფილი ზედამხედველის თქმით,
ადმინისტრაციამ ის ვადაზე ადრე გამოუშვა სამსახურიდან და კუთვნილი
კომპენსაცია არ მისცა.
"ხელშეკრულებაში მითითებული არის ერთ-ერთ პუნქტად, რომ თუკი ვადაზე
ადრე გაგვათავისუფლებდა სამსახურიდან, ასეთ დროს ის ვალდებული იყო
ერთი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაცია მოეცა. თუმცა, ასე არ
მოქცეულან. გათავისუფლებამდე არანაირი გაფრთხილებაც არ მოუციათ. ამ
თანხას მაინც არ შევარჩენ", - ამბობს გათავისუფლებული
თანამშრომელი.
კომპანია SMK-სთან მიმიდინარე წლის 17 მაისს დადებული ხელშეკრულების
მიხედვით, შალამბერიძეს კომპანიის მიერ დაქირავებულ ზედამხედველად,
2016 წლის 15 ნოემბრამდე უნდა ემუშავა. თუმცა, მხარეებს შორის
შეთანხმება ვადაზე ადრე კომპანიის მიერ შეწყდა. SMK-ას ადმინისტრაციამ
ივანე შალამბერიძე მიმდინარე წლის აგვისტოში გაათავისუფლა.
როგორც გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, ადმინისიტრაციამ
სიტყვიერად განუცხადა, რომ ის სამსახურიდან კადრების შემცირების გამო
გაათავისუფლა.
"თუმცა, მაშინ ჩემს გარდა არავინ გაუთავისუფლებიათ. სიმართლე გითხრათ,
რეალური მიზეზი არ ვიცი რა არის, რადგან გათავისუფლების შესახებ
ბრძანება არ მოუციათ", - ამბობს ივანე შალამბერიძე.
მან, კომპენსაციის მიღებისა და საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით,
ადვოკატს მიმართა. მისი ინეტერესების დამცველის, ვახტანგ კვანტალიანის
განმარტებით, კომპანიის ადმინსიტრაციას გათავისუფლების შესახებ
ბრძანების მოთხოვნით წერილობით მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მიმართა,
თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.
"პირველ ეტაპზე მოვითხოვეთ ბრძანება და ამის მიხედვით გადავწყვეტთ
საქმეს რა მსვლელობა მივცეთ", - ამბობს ადვოკატი.
თავად, SMK-ს ქუთაისის წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ
შალამბერიძე უდისციპლინობის გამო გაათავისუფლეს, თუმცა დარღვევას არ
აკონკრეტებენ.
კომპანიაში, ასევე, ირწმუნებიან, რომ გათავისუფლების შესახებ
ბრძანების ასლი ადვოკატის ორი დღის წინ გაუგზავნეს.
აღსანიშნავია, რომ SMK -ს თანამშრომლები, რომლებიც წყლის
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე არიან დასაქმებული, მიმდინარე წლის 7
ოქტომბერს, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნის
მიზნით
გაიფიცნენ.
მასალის გამოყენების პირობები