სოფელ ზვარეში ნაცემი მუშების მხარდასაჭერად 80 ადგილობრივი
მუშახელი ჩინურ კომპანიაში მუშაობაზე უარს აცხადებს.
ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ამ წუთებში საპროტესტო აქციაზე
იმყოფებიან და "ჩინეთის 23 - ე ბიუროს" ადმინისტრაციისა და მათი
მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ.
აქციის ფონზე შეჩერებულია რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებიც.
"მუშაობას იქამდე არ გააგრძელებს ადგილობრივი მუშახელი, ვიდრე ჩინური
კომპანიის წარმომადგენლები ქართველებთან ურთიერთობის ფორმას არ
შეცვლიან. ისინი აგრესიულად არიან განწყობილი ადგილობრივების მიმართ
და ფიზიკურად უსწორდებიან," - ამბობს რკინიგზელთა ახალი პროფესიული
კავშირის აპარატის უფროსის პაატა ნინუა.
მისივე თქმით, დაპირისპირების ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია,
რომელიც ამ დრომდე კონფლიქტის დარეგულირებას ცდილობს.
"ახლაც იყო მცდელობა კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან თავს დასხმოდა
ერთ-ერთ ადგილობრივ დასაქმებულს, თუმცა სიტუაცია განეიტრალდა," -
ამბობს ნინუა.
ხარაგაულის რაიონისსოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე
ჩინური კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ დასაქმებულებს შორის
დაპირისპირება მიმდინარე წლის 2 ნოემბერს დაიწყო.
პროფკავშირების ინფორმაციით, გვიან ღამით, შპს ,,ჩინეთის რკინიგზის
23-ე ბიუროს" ზვარეს ობიექტის ადმინისტრაცია ტყიდან გამოსულ ორ
ადგილობრივ მაცხოვრებელს არმატურებით
გაუსწორდა. კონფლიქტში ჩაერია მსენებლობაზე დასაქმებული ადგილობრივი მუშახელიც.
2 დღიანი დაპირისპირების შედეგად სულ 8 ადამიანი დაზარალდა.
დაშავებულები ამ დროისთვის ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებაში
არიან გადაყვანილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხარაგაულში
მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე,
ცემის მუხლითაა დაწყებული.
მასალის გამოყენების პირობები