ქუთაისის მერიაში ფოტოკონკურსი "ილო 2016"-ის პრეზენტაცია
გაიმართა.
მისი მიზანი ნიჭიერი ფოტოგრაფების გამოვლენა და ქუთაისში
ფოტოხელოვნების განვითარებაა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება როგორც
პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს შეუძლიათ.
გამარჯვებულთათვის 4 პრემია გაიცემა: გრან-პრი, I, II და III
პრემიები.
მათთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო ქანდაკებები.
ერთგვარ ტრადიციად იქცა ფოტოკონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი
წლის კალენდრის გამოცემა.
ღონისძიება ქუთაისში 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მას
ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა
დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს.
ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტისა და ფოტოგრაფის, ილო ხახიაშვილის
სახელს ატარებს. მისი ფოტოატელიე ათწლეულების განმავლობაში ქალაქის
ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.
გასულ წელს ფოტოკონკურსი სახელწოდებით "კადრი-ქუთაისი" ჩატარდა, თუმცა
მიმდინარე წელს ფოტოკონკურსს სახელი "ილო" დაუბრუნეს.
მასალის გამოყენების პირობები