ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი "შავი ზღვის მარგალიტი"
იმერეთში ორი პროექტის განხორციელებას იწყებს.
მათი ღირებულება 250 მლნ აშშ დოლარი იქნება.
პროექტების შესახებ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ დოლიძემ
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან
ისაუბრა.
"რძის კომპლექსი" ერთ-ერთია, რომელიც იმერეთის რეგიონში ამოქმედდება.
პროექტი რძის 4 საწარმოს გააერთიანებს.
"ვერტიკალური ბაღები მწვანე პლანეტა" კი მეორე ინოვაციური პროექტია,
რომლის განხორციელებისთვის ქუთაისთან ახლომდებარე ტერიტორია
შეირჩევა.
როგორც არჩილ დოლიძემ განმარტა, ვერტიკალური ბაღების შექმნა
აგროსამრეწველო კოლეჯის ფუნქციონირებასაც მოიცავს.
მისივე ინფორმაციით, ინოვაციური პროექტებისთვის საპროექტო სამუშაოები
იმერეთის გუბერნიასთან მემორანდუმის გაფორმებიდან ერთ თვეში
დაიწყება.
გარდა იმერეთისა, "შავი ზღვის მარგალიტი" აგროპროექტებს გურიის
რეგიონში განახორცილებს, ხოლო გონიო-კვარიათის ტერიტორიაზე ეკოქალაქის
აშენებას გეგმავს, რომელიც 98 ჰ ფართობზე განთავსდება.
არჩილ დოლიძის ინფორმაციით, ეკო-ქალაქის მშენებლობაზე 50 000 ადამიანი
დასაქმდება, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ 30 000-მდე, რომელთა
დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.
საერთო ჯამში, კომპანია საქართველოში 5 მლდ დოლარზე მეტი ინვესტიციის
შემოტანას გეგმავს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ "შავი ზღვის მარგალიტის" პროექტებს უცხოური
ბიზნეს-ჯგუფები განახორციელებენ.
მასალის გამოყენების პირობები