ქუთაისის მერიის შენობის წინ იპოთეკით დაზარალებული მრავალშვილიანი
ნანა დეისაძე
მეორე დღეა შიმშილობს.
ადგილობრივი თვითმმართველობა ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას
ავრცელებს, რომლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ქუთაისის მერიის წინ უკვე მეორე დღეა შიმშილობს მრავალშვილიანი დედა.
როგორც ირკვევა, ნანა დეისაძემ იპოთეკით დატვირთა მშობლების ბინა
ქუთაისში. ვალის გადაუხდელობის გამო ის ბინიდან გამოასახლეს. ასევე,
ირკვევა, რომ მრავალშვილიანი ქალბატონი ქალაქ ბათუმშია რეგისტრირებული
და იქ სარგებლობს შესაბამისი სოციალური დახმარებით. ნანა დეისაძე
ითხოვს მისი მშობლების ბინასთან დაკავშირებით საქმის დროულ
გამოძიებას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამართალწარმოება აღნიშნულ
საკითხზე მერიის კომპეტენცია არ არის. ჩვენის მხრიდან მისი ოჯახის
წევრს, რა თქმა უნდა იმას, ვინც ქუთაისშია რეგისტრირებული გაეწევა
ერთჯერადი მატერიალური დახმარება, რათა არსებული პრობლემის დროებით
გადაჭრა მოხდეს. ასევე, გვინდა ავღნიშნოთ, რომ მრავალშვილიანი დედის
საკითხი არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური პარტიების სპეკულირების თემა.
მითუმეტეს, რომ მერიის კომპეტენციას სცდება იპოთეკით დაზარალებულთა
პრობლემის სამართლებრივი გამოძიება. ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ
მერიას 2017 წლისთვის ექნება სოციალური საცხოვრისი, რომლის
მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს და შესაძლებელი იქნება ქუთაისში
რეგისტრირებული 50 ოჯახის ფართით დაკმაყოფილება. შენობის დასრულების
შემდეგ, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან
დაკომპლექტებული კომისია შეარჩევს იმ ოჯახებს, ვისაც თავშესაფარი არ
აქვთ ქალაქში. ქუთაისი პირველი თვითმმართველობაა, რომელიც ასეთ
პროექტს ახორციელებს," - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
მრავალშვილიანმა დედამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა,
რაც მას საცხოვრებელი სახლის დატოვება მოთხოვეს.
როგორც ნანა დეისაძე აცხადებს, ქუთაისში კლდიაშვილის ქუჩის მეექვსე
შესახვევის N19 ში მდებარე სახლი მევახშეებმა გაუყიდეს, ახლა კი
მისთვის უცნობი ადამიანები სახლის დაცლას სთხოვენ და შვილების
სიცოცხლით ემუქრებიან.
მიმდინარე წლის 23 აგვისტოს ის ქალაქის
პოლიციის მე-2 განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც
საცხოვრებლის დატოვებისთვის ერთდღიანი ვადა მისცეს.
ნანა დეისაძის უფლებადამცველის ცნობით, თუკი მრავალშვილიანი ოჯახი
სახლიდან არ გამოვა, საქმე სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეჭრის მუხლით
აღიძვრება, რაც 3 წლით თავისუფების აღკვეთას ითვალისწინებს.
მრავალშვილიანი დეისაძეები ოჯახი, რომლებიც სოციალურად დაუცველთა
ბაზაშია რეგისტრირებული, დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები