შსს - ს მაღალჩინოსანი ზაზა სურმავა დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ
შემოტანაში დახმარების და დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე
დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო
სამმართველოს უფროსს ზაზა სურმავას აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე დაკავებულისთვის 3 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა
მოსამართლემ ზაზა სურმავას ადვოკატების შუამდგომლობა არ
დააკმაყოფილა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ოპერატიული
ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში
უკანონოდ შემოტანაში დახმარების და დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის
ფაქტზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო
სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ზაზა სურმავა დააკავა.
აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 24-262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ისჯება
თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით), სსკ-ს 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ"
ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ
წლამდე) და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების
აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე)", – ნათქვამია შს
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები