ქუთაისის საკრებულოსთან არსებულის მიწის კომისია გაუქმებულია. მის
ნაცვლად, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხებზე
2016 წლის აგვისტოდან შესაბამისი კომისია მერიაში შეიქმნება.
საკრებულოსთან არსებული კომისიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, 5
ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს, რასაც კანონი
განსაზღვრავდა. საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების განმარტებით,
მიწის კომისიამ წელს პირველად თავისი დანიშნულება შეასრულა და
მოქალაქეებს ობიექტები საკუთრებაში გადასცა.
უკვე გაუქმებული კომისიის თავმჯდომარის ლაშა გვენატაძის განმარტებით,
აღმასრულებელ ხელისუფლებას 82 მიმდინარე საქმე
გადააბარა.
"ცოტა არ იყოს საქმე შემიმსუბუქდება. ალბათ, გამოჩნდება იქაც
[მერიაში] ხალხი, რომლებიც ყურადღებას მიაქცევენ საზოგადოებას და
ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას მიღებენ", - განმარტავს
გვენეტაძე.
საკრებულოში მიწის კომისია, ფიზიკური და კერძო სამართლის პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების
უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის
შესახებ კანონის საფუძველზე შეიქმნა. თავის მხრივ, აღნიშნული კანონი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების (#525) თანახმად დამტკიცდა და
ის 2007 წელს ამოქმედდა.
თავდაპირველად, კანონი საკუთრების უფლების მოპოვებას როგორც ფიზიკური
ისე, იურიდიული პირისთვის ითვალისწინებდა. თუმცა, 2012 წელს,
ცვლილების შედეგად, ამოღებულ იქნა იურიდიული პირები და დარჩა მხოლოდ
ფიზიკური პირებისთვის საკუთრების უფლების აღიარება.
ქუთაისის საკრებულოსთან არსებულმა მიწის კომისიამ 2015 წლის იანვრიდან
ამ დრომდე, საკუთრებაში ობიექტი 234 მოქალაქეს გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები