იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის
დათვლა უკვე დაიწყო.
იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მუშაობის
საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.
"ვანის მუნიციპალიტეტში უკვე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია,
გამგეობაში გამოყოფილია მობილური ჯგუფები, რომლებიც ყველა სოფელში
სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. მობილიზებულია სპეც. ტექნიკა.
სტიქიის ზონაში ეტაპობრივად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები,
თუმცა უამინდობის გამო ტექნიკის მუშაობა შეფერხებულია. ამინდის
გამოდარებასთან ერთად, ხვალ დილიდანვე სტიქიის სალიკვიდაციო
სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება," - აცხადებენ იმერთის
გუბერნიაში.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ასევე, მიმდინარეობს ბაღდათის
მუნიციპალიტეტშიც, სადაც ამ დროის ონაცემებით ზარალმა 800 ათასი ლარი
შეადგინა.
"ამჟამად გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. ასევე,
გამგეობაში შექმნილია სპეციალური კომისია და ზარალს ითვლიან," -
განმარტავენ იმერეთის გუბერნიაში.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტებში ზარალის ზუსტი
ოდენობის დადგენის შემდეგ იმერეთის რეგიონის მასშტაბით არსებული
მონაცემები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
გადაეგზავნება, რათა დროულად მოხდეს მუნიციპალიტეტებში დაზიანებული
ინფრასტრუქტურის აღდგენა.
"ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სტიქიით მიყენებული ზარალის
აღწერაში ჩართული არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული
სამსახურებიც. გარდა ამისა, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზებული ყავს ტექნიკა და საჭიროების
შემთხვევაში მზად არის დაეხმაროს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს," -
აცხადებენ იმერეთის გუბერნიაში.
მასალის გამოყენების პირობები