მზის ენერგიაზე მომუშავე გამაცხელებლები ცხელი წყლის მიწოდებას წლის
ნებისმიერ დროს უზრუნველყოფენ.
მზის ენერგიით ტრადიციული ენერგომატარებლების ჩანაცვლება, გასათბობად
თუ წყლის გასაცხელებლად, თანამედროვეობის აქტუალური პრობლემაა.
ენერგიის ეს სახე, ყველა სხვა ტრადიციული წყაროსგან განსხვავებით,
პრაქტიკულად, ამოუწურავია.
სუფთა, უსაფრთხო, ნაკლები ხარჯები, განახლებადი ენერგეტიკული რესურსი
და შესამაბისი კლიმატური პირობები – ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის
გამოც ექსპერტები საქართველოში მზის ენერგიის სისტემაზე გადასვლის
აუცილობლობაზე მიუთითებენ.
მოსაზრებას, რომ მზის ენერგიის გამოყენება მხოლოდ ზაფხულშია
შესაძლებელი, სპეციალისტები მცდარს უწოდებენ.
ქუთაისში მოქმედი კომპანია "Geoenergyeng
ineers"-ის
ინჟინერი, თენგიზ ნავერიანის თქმით, მზის ენერგიაზე მომუშავე
გამაცხელებლები ცხელი წყლის მიწოდებას წლის ნებისმიერ დროს
უზრუნველყოფენ.
მეცნიერების დასკვნით, საქართველოში მაისიდან ოქტომბრამდე წყლის
გასაცხელებლად საჭირო ენერგიის 100 %-ით უზრუნველყოფაა შესაძლებელი,
მარტში, აპრილსა და ოქტომბერში მზე მოგვცემს საჭირო სითბოს ნახევარს,
ნოემბრიდან თებერვლამდე კი – 20-30 %-ს.
ასევე, დადგენილია, რომ საქართველოში ყოველ 1 კვადრატულ მეტრზე,
წელიწადში 1300 კვტ/სთ მზის ენერგია ხვდება, რაც დაახლოებით 120 ლიტრ
დიზელის საწვავს ან 130 კბ.მ ბუნებრივ აირს უტოლდება.
ცხელი წყლის მისაღებად და შესანარჩუნებლად ბრტყელ ან ვაკუმურ მზის
კოლექტორებს იყენებენ.
მზის სხივები, ძლიერი მოღრუბლულობისა და ჰაერის დაბალი ტემპერატურის
პირობებშიც, აღწევს კოლექტორამდე, სპეციალური საფარი შთანთქავს მათ და
ასევე, სპეციალური სითხით გავსებული მილების მეშვეობით სითბოს
გადასცემს სისტემას.
ზაფხულობით შესაძლებელია ენერგიის დამატებით წყაროზე უარის თქმა. წლის
დანარჩენ დროს და უმეტესად, ზამთარში, შენობათა გასათბობად
ჰელიოდანადგარი თავსდება თბური ენერგიის მეორე დამოუკიდებელ
წყაროსთან. ჩვეულებრივ, ეს არის გაზზე, დიზელზე მომუშავე გამათბობელი
ან კონდენსაციური ქვაბი.
შთანთქმის მაღალი კოეფიციენტის (95 %-ზე მეტი) და იდეალური საიზოლაციო
თვისებების წყალობით, ვაკუმური კოლექტორი მთელი წლის განმავლობაში
ეფექტურად მუშაობს, ბრტყელი კი – დაახლოებით 9 თვე.
დარტყმამედეგი მინის მეშვეობით კოლექტორები სეტყვისადმი მდგრადია,
სპეციალური გლიკოლის ხსნარი მათ მუშაობას -50° C -მდე ტემპერატურის
პირობებშიც უზრუნველყოფს.
ინჟნერ თენგიზ ნავერიანის განმარტებით, მზის თბომომარაგების სისტემა
საიმედოდ და ხანგრძლივად მუშაობს, თუ იგი სწორად არის გაანგარიშებული
და ხარისხიანად დამონტაჟებული.
"დიდი მნიშვნელობა აქვს ჰელიოსისტემის სწორ დაპროექტებას, კოლექტორის
ტიპს, დახრის კუთხეს და ორიენტაციას. ჰელიოდანადგარის ექსპლუატაციის
ეკონომიური რეჟიმის უზრუნველსაყოფად, საჭიროა ყველა ნიუანსის
გათვალისწინება. ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ
სისტემამ ვერ უზრუნველყოს თბური ენერგიის საჭირო რაოდენობა ან მალე
გამოვიდეს მწყობრიდან," – ამბობს კომპანია "Geoenergy
eng
ineers"-ის
ინჟინერი, თენგიზ ნავერიანი.
ის, ასევე, მზის ენერგიის, განსაკუთრებით, სასტუმროებისა და ტურისტული
საცხოვრებლების სარგებლიანობაზე ამახვილებს ყურადღებას.
თენგიზ ნავერიანი განმარტავს, რომ მზის ენერგია, არა მხოლოდ
ენერგოდამოუკიდებლობას ინარჩუნებს, არამედ 5 წლის პერსპექტივაში
საექსპლუატაციო ხარჯებს სერიოზულად შეამცირებს.
"როცა სასტუმროების ბიუჯეტიდან 40% ენერგიაზე იხარჯება, ალტერნატიულ
სისტემაზე გადასვლით ხარჯის 5%–მდე შემცირებაა შესაძლებელი," –
აღნიშნავს ინჟინერი.
თენგიზ ნავერიანი აგრეთვე მიუთითებს, რომ საქართველოში სამამულო
წარმოების მზის პანელების წარმოების ტექნოლოგია განვითარებული არაა,
მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მარტივია.
მასალის გამოყენების პირობები