ქუთაისის მერიამ "ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ,
მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ეკონომიკური სამსახურის ქონების
განკარგვის განყოფილების უფროსის მონაცემები შეცვალა.
ამჯერად, გვერდზე ზემოთხსენებულ პოსტზე დავით (ჯემალ) გოგრიჭიანის
ნაცვლად, დავით მუშკუდიანია მითითებული.
საუბარია ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ატრაქციონების
აუქციონის წესით გაიჯარების თემაზე, რომელიც "ქუთაისიპოსტზე"
გამოქვეყნდა. მერიის პრესსამსახურმ, ა საინფორმაციო სააგენტო
დეზინფორმაციის გავრცელებაში მასალაში მოყვანილი კომეტარის გამო
დაადანაშაულა.
"ნიუსში მოყვანილია ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დავით
გოგრიჭიანის კომენტარი, რომელიც აბსურდულია, რადგან ამ თემაზე
გოგრიჭიანის და ჟურნალისტის საუბარი არ შემდგარა. ასევე ინფორმაციაში
მოყვანილი კომენტარი არ შეესაბამება სიმართლეს," - ნათქვამია მერიის
პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი შინაარსის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მერიის
პრესსამსახურის წარმომადგენელი უკავშირდება "ქუთაისიპოსტის"
რედაქციას და ამბობს, რომ პიროვნება, რომელსაც ჟურნალისტმა
დაურეკა, არ იყო დავით გოგრიჭიანი, ის სამსახურის სხვა თანამშრომელი
იყო და მასაც დავითი ქვია.
"ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე დავრეკე,
ვითხოვე საკითხში გარკვევა, საიდანაც გადამამისამართეს ქუთაისის
მერიის ქონების განკარგვის განყოფილების უფროსთან დავით გოგრიჭიანთან.
დავუკავშირდი მას ტელეფონით, მივმართე სახელით, ავუხსენი თემა და
ვუთხარი რომ ვიყავი "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტი. მომაწოდა მოკლე
ინფორმაცია, რომელიც უცვლელად გამოვაქვეყნე. იქვე განმიცხადა, რომ
დეტალებისთვის მიმემართა წერილობით," - აცხადებს "ქუთაისიპოსტის"
ჟურნალისტი მარი პატარაია.
მოგვიანებით, "ქუთაისიპოსტზე" მასალის (სათაურით:
მერიის პრესსამსახური - ჟურნალისტს უფროსის ტელეფონზე
სხვა თანამშრომელი ესაუბრა) გამოქვეყნების შემდეგ, მერიის
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ეკა
მამისეიშვილმა სააგენტოს სათაურის შეცვლა მოსთხოვა.
ამჯერად, ადგილობრივ თვითმმართველობაში საკუთარი პოზიცია შეცვალეს და
აცხადებენ, რომ ქონების განკარგვის განყოფილების უფროსი არა დავით
გოგრიჭიანი, არამედ დავით მუშკუდიანია. მაშინ როდესაც, რამდენიმე
წუთის წინ, მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილების უფროსი ეკა მამისეიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავდა,
რომ განყოფილების უფროსის დავით გოგრიჭიანის ტელეფონზე
"ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტს სხვა დავითი ესაუბრა.
ამასთანავე, მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სამსახურების სტრუქტურაში
მითითებული იყო, რომ ქონების განკარგვის განყოფილების უფროსი დავით
(ჯემალ) გოგრიჭიანია. ხოლო, მათ მიერ დასახელებული დავით
მუშკუდიანი სამსახურში არც ერთ პოზიციაზე არ ფიქსირდებოდა. დაახლოებით
10 წუთში მერიის ვებ-გვერდზე აღნიშნული მონაცემები შეცვალეს.
"ქუთაისიპოსტის" რედაქცია მოუწოდებს ადგილობრივ
თვითმმართველობას თავი შეიკავოს სააგენტოს დისკრედიტაციისგან,
რასაც ბოლო დროს გამოქვეყნებული კრიტიკული მასალების გამო,
გახშირებული ხასიათი აქვს.
აქვე ავღნიშნავთ, რომ მერიის პრესსამსახური მიუთითებდა მასალის
ფოტოზე და აცხადებდა, რომ ფოტოზე გამოსახული ატრაქციონი
ფასიანი არ არის, არ იქნება და არც გაიჯარებას ექვემდებარება.
მიუხედავად იმისა, რომ მასალაში გასაიჯარებელ ატრაქციონთა ჩამონათვალი
არ გამოქვეყნებულა და სააგენტომ ფოტო გამოიყენა ზოგადი სურათის
ასახვის მიზნით (ატრაქციონების საილუსტრაციოდ), "ქუთაისიპოსტმა" უკვე
შეცვალა ატრაქციონის ფოტო და ის პარკის საერთო ხედით ჩაანაცვლა, რათა
კვლად არ მოხდეს გაუგებრობა.
მასალის გამოყენების პირობები