ქუთაისში სტუდენტებისთვის გათვლილი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა
იგეგმება.
"სტუდენტის სახლი" - პროექტზე სამშენებლო კომპანია "დიზაინკომპლექსი"
მუშაობს.
კომპანიის ხელმძღვანელის, ზურაბ გუბელაძის განცხადებით, საცხოვრებელი
სახლი სტუდენტების მოთხოვნებზე და შესაძლებლობებზე იქნება
მორგებული.
"უკვე ვამუშავებთ პროექტს. მოლაპარაკებებს გავმართავთ უნივერსიტეტის
ხელმძღვანელობასთან იმისთვის, რომ გავიგოთ რამდენად დიდი იქნება
დაინტერესება სტუდენტების მხრიდან. ამის შემდეგ კონსულტაციები
გვექნება ბანკებთან, დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი სესხების
გაცემის თაობაზე," – განაცხადა ზურაბ გუბელაძემ.
პროექტის ხელმძღვანელის თქმით, საწყის ეტაპზე, მცირე მოცულობის 15–30
კვადრატული მეტრის ფართის მქონე ბინები აშენდება.
"ისინი, ვინც გადაწყვეტენ იცხოვრონ "სტუდენტის სახლში", შესაძლებლობა
ექნებათ 5 წლის განმავლობაში დაფარონ სესხი და შემდეგ ბინა მათ
მფლობელობაში დარჩება," – განაცხადა ზურაბ გუბელაძემ.
კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტების
მხრიდან დიდი ინტერესი იქნება, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა
მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები