ქალაქში არსებული 700 უსახლკაროდან, მერია მხოლოდ 45 მათგანის
დაკმაყოფილებას შეძლებს.
ქუთაისში მცხოვრები უსახლკაროები ადგილობრივი თვითმმართველობისგან
ბინით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
10-მა სოციალურად დაუცველმა პირმა, ქალაქის მერთან შეხვედრის უშედეგო
მცდელობის შემდეგ, პოლიტიკური პარტია "გირჩის" ადგილობრივ
ორგანიზაციას მიმართა.
"მერთან შეხვედრაზე შეთანხმებული ვიყავით, მაგრამ მან ჩვენთვის ვერ
მოიცალა. ვიცე-მერმა, ნოდარ მიქიაშვილმა კი თხოვნაზე კატეგორიული უარი
გვითხრა",-ამბობს თამარ მეფის #107-ში მცხოვრები, ქიშვარდი კალანდაძე,
რომელსაც ბოლო 20 წელია საკუთარი სახლი არ აქვს.
"მოვუწოდებთ მერიას, უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდოს ამ ადამიანებს.
ქალაქში უამრავი უსახლკაროა და მათ დახმარება სჭირდებათ", - განაცხადა
"გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თემურ
ცამციშვილმა.
ქუთაისის მერიაში კი ამბობენ, რომ უსახლკაროებისთვის სოციალური
საცხოვრისების მოწყობისთვის ზრუნვა დაწყებულია.
"ბოლო 26 წლის განმავლობაში პირველად, ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალურად
დაუცველთა საცხოვრისისთვის გამოიყო ერთი მილიონი ლარი. თვის ბოლოს
გამოცხადდება ტენდერი და გამოვლინდება კომპანია, რომელიც ააშენებს
მათთვის საცხოვრებელს", - აცახდებს ქუთაისის ვიცე-მერი, ნოდარ
მიქიაშვილი.
როგორც ირკვევა, ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქში არსებული 700
უსახლკაროდან, მხოლოდ 45 მათგანის დაკმაყოფილებას შეძლებს. ახალი
საცხოვრებელი, სწორედ ამ რაოდენობაზე იქნება გათვლილი.
მერიაში ჯერ არ იციან, ვინ იქნება ის 45 ადამიანი, ვინც ბინას
მიიღებს. მიქიაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, მშენებლობის
დასრულებამდე, უსახლკაროთა მონაცემთა ბაზებში ცვლილებები შევიდეს, რაც
შესაძლოა მათი მდგომარეობის შეცვლამ გამოიწვიოს.
ახალი საცხოვრებელი ქუთაისში 2017 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს.
მასალის გამოყენების პირობები