"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა" ინკლუზიური განათლების
ხელმისაწვდომობის შესახებ 70 გვერდიანი ანგარიში წარმოადგინა.
საქართველოს მთავრობა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
კონვენციას" 2013 წლიდან ახორციელებს. ინკლუზიური სწავლების რეფორმა
კი სახელმწიფოში 2006 წლიდან დაიწყო.
"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" წარმომადგენელთა განმარტებით,
შშმ პირებისთვის სრულფასოვანი საგანათლებლო გარემოს შექმნის
მცდელობიდან 10 წლის შემდეგ, განათლების სფეროში თითქმის იგივე
პრობლემებია, რაც რეფორმამდე.
ორგანიზაციის ვრცელი ანგარიში ინკლუზიური განათლების სფეროში არსებულ
ხარვეზებზე მიუთითებს და მათი აღმოფხვრის გზებზე საუბრობს.
"გასულ წლებთან შედარებით პროგრესი თვალსაჩინოა, მაგრამ ჩვენ დღესაც
ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, რომელიც ხელს უშლის განსაკუთრებული
საჭიროების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს
შექმნას. ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს რეალურად არ აინტერესებს
პრობლემის იდენტიფიცირება და მიდგომა არის ზოგადი", -მიიჩნევს
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" განათლების პროგრამების
მენეჯერი, თამარ მოსიაშვილი.
მისივე თქმით, სახელმწიფო აფინანსებს სპეციალური საჭიროებების მქონე
პირთა განათლებას, მაგრამ არ ინტერესდება რა ტიპის შეზღუდვა აქვს
კონკრეტულ ბენეფიციარს.
"მაგალითად, სკოლებს კანონი ავალდებულებს დაუბრკოლებლად მიიღოს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მაგრამ არ ზრუნავს ტექნიკურ
პერსონალზე, რომელიც უნდა დაეხმაროს ასეთ მოსწავლეს. მსგავს
შემთხვევაში, მშობელი იძულებლია ან უარი თქვას ბავშვის განათლებაზე,
ან თავად დაიქირაოს დამხმარე სკოლაში, რაც თავის მხრივ ფინანსებთან
არის დაკავშირებული", - ამბობს თამარ მოსიაშვილი.
ანგარიშში მთვარი აქცენტი, სწორედ კანონის ფორმალურ მხარეზეა
გაკეთებული, რომელიც ხელს უშლის საგანმანათლებლო გარემოს მორგებას
ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" 70 გვერდიანი ანგარიში,
შენიშვნებითა და რეკომენდაციებით, "გაეროს" შესაბამის უწყებას,
საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს პრემიერ- მინისტრს
გიორგი კვირიკაშვილს გადაეგზავნება.
მასალის გამოყენების პირობები