დამოუკიდებელ სტუდენთა მიერ ორგანიზებული საინიციატივო ჯგუფის
პრეზენტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.
პრეზენტაციის ორგანიზატორების თქმით, საინიციატივო ჯუფის მიზანი
უმაღლესი განათლების კანონში შესატან ცვლილებებში სტუდენტების
მაქსიმალური ჩართვაა.
"მოვითხოვთ ჩავერთოთ საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში. ასევე,
მოვუწოდებთ სტუდენტებს აქტიურად მიიღონ მონაწილება ყველა იმ ეტაპში,
რაც საინიციატივო ჯგუფს აქვს დაგეგმილი. პირველი ეტაპია სამუშაო
ჯგუფის დაკომპლექტება, სადაც შეუძლიათ ჩაერთონ როგორც სტუდენტები,
ასევე ლექტორები. მეორე ეტაპი, ამ პროცესში მაღალი ნდობით აღჭურვილი
არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვაა. შემდგომი ნაბიჯი ეს არის
საერთაშორისო პრეცენდენტების გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში.
ბოლო დასკვნით ეტაპზე კი მომზადებული ცვლილებათა პაკეტი გადაეგზავნება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს," - განაცხადა წერეთლის
უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა
ვირსალაძემ.
ორგანიზატორების თქმით, უმაღლესი განათლების კანონში ცვლილება
შეიძლება შევიდეს აკადემიური საბჭოს არჩევასა და თვითმმართველობის
დაკომპლექტებაში.
"კანონში ცვლილებებით სტრუქტურა არ იცვლება, იცვლება მხოლოდ ფორმა.
სახელმწიფო ვალდებულია კანონის ცვლილების დროს აზრი დაეკითხოს ყველას.
გვსურს თანამშრომლობა ყველა იმ ადამიანთან, რომელიც ჩართულია ამ
კანონში ცვლილებების შეტანის პროცესში," - განაცხადა ბექა
ვირსალაძემ.
მისივე თქმით, დამოუკიდებელ სტუდენთა მიერ ორგანიზებული საინიციატივო
ჯგუფის პრეზენტაცია წერეთლის უნივერსიტეტის პარალელურად, საქართველოს
25- მდე უმაღლეს სასწავლებელში დღეს ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები