2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით, აქციის
მონაწილეებზე გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 2 000 000 ლარს აღწევს -
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საქმის წარმოებისას პოლიცია
სახის ამომცნობ კამერებს იყენებს.
"როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი
კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს, რომლებიც, ძირითადად,
შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად
მიჩნევისათვის სასამართლოს საკმარის მტკიცებულებად
მიაჩნია. სპონტანური შეკრებების დროს გზის გადაკეტვისთვის
დემონსტრანტების დაჯარიმების პრაქტიკა შეკრებისა და გამოხატვის
თავისუფლების უფლების მძიმე დარღვევას წარმოადგენს",
- განმარტავენ საიაში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 174¹ მუხლში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც
დემონსტრაციების დროს გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ,
500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა.
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები