სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა „შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსსა და სსკ-ში შეტანილი ცვლილებების შესაბამისობა ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეაფასა.
ომბუდსმენის ინფორმაციით, ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა
საკმაოდ კრიტიკულია და ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და
პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტთან, ზემოაღნიშნული
საკანონმდებლო ცვლილებების შეუსაბამობაზე მიუთითებს.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ხელი
შეუწყოს მშვიდობიან შეკრებებს - ასახული უნდა იყოს საკანონმდებლო
ჩარჩოსა და შესაბამის პრაქტიკებში. შეზღუდვების განხილვისას,
აღნიშნული უფლების სხვა უფლებებსა და ფართო საზოგადოებრივ
ინტერესებთან შეპირისპირებისას, სახელმწიფომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს
მის ხელშეწყობას არასაჭირო და არაპროპორციულ შეზღუდვებთან
შედარებით.
"ეუთო/ოდირის დასკვნაში მითითებულია, რომ ზოგიერთი ახალი
საკანონმდებლო ცვლილება, როგორებიცაა სპონტანურ აქციებთან
დაკავშირებით დაუყოვნებლივი შეტყობინების ვალდებულების შემოღება,
აქციების დახურულ სივრცეებსა და შენობებში მესაკუთრის წერილობითი
თანხმობის გარეშე გამართვის ზოგადი აკრძალვა, დროებითი კონსტრუქციების
აღმართვის აკრძალვა, ნიღბით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის
დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა, მკაცრი ადმინისტრაციული და
სისხლისსამართლებრივი სანქციები უნდა იყოს გაუქმებული ან მთლიანად
გადახედილი. ეუთიო/ოდირი ასევე მიუთითებს, რომ არაპროპორციული
სანქციები შესაძლოა თავისთავად იყოს საკმარისი იმისათვის, რომ
დადგინდეს მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა.
დასკვნის მიხედვით, შეკრებების აკრძალვის სხვა საფუძვლები უნდა იყოს
გადასინჯული ან სულ მცირე, უფრო ფრთხილად და ვიწროდ ფორმულირებული,
რომ გარანტირებული იყოს მათი ცხადად განსაზღვრა, იყოს მკაცრად
აუცილებელი, პროპორციული და შეუსაბამო გავლენა არ იქონიოს მშვიდობიანი
შეკრების უფლების განხორციელებაზე.
როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული
პატიმრობის, როგორც სანქციის დაკისრება „შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევისათვის უნდა იყოს
გაუქმებული, ჯარიმების ოდენობა კი არსებითად უნდა შემცირდეს,
განსაკუთრებით მცირე დარღვევებთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი
იყოს მათი პროპორციულობა დამდგარ ზიანთან მიმართებაში",- აღნიშნულია
სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დასკვნის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია მითითებულ
ბმულზე.
სახალხო დამცველმა თავისუფლების შემზღუდველ საკანონმდებლო
ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს თებერვლის დასაწყისში
მიმართა.
ამასთან, ომბუდსმენი მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის
დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცემოდა კანონპროექტს შემდგომი
მსვლელობა.
ამავე თემაზე:
ომბუდსმენმა დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან
დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართ
მასალის გამოყენების პირობები