„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის
განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან
მიმართებაში მკურნალობა სავალდებულო იქნება, თუმცა „განსაკუთრებულ
შემთხვევებში“.
მისივე თქმით, ის რომ ადამიანს ესაჭიროება სავალდებულო მკურნალობა,
ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.
„ეს არ იქნება ადმინისტრაციული სახდელი, ეს იქნება სისხლის სამართლის
ნორმაში გაწერილი სასჯელი. იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული
დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ
შემთხვევაში, და ეს იქნება მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში.
შესაძლებელია, ამ დისკრეციის განხორციელებას საფუძვლად დაედოს საქმეში
არსებულ მასალებთან ერთად ნარკოლოგიურის ექსპერტიზის დასკვნა.
მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე
ზრუნვის თვალსაზრისით არა მხოლოდ კერძო პრევენცია, არამედ ზოგადი
პრევენციისთვის იყოს კარგი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან
ერთად. სტრასბურგის პრეცედენტიც კი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ იმ
შემთხვევაში, თუ ადამიანი საკუთარ თავს უქმნის საფრთხეს, ასევე
საზოგადოებისთვის არის საშიში და მას, შესაძლოა, ესაჭიროებოდეს
სავალდებულო მკურნალობა, ეს გადაწყვეტილება, შეიძლება, მიიღოს
მოსამართლემ“, – განაცხადა მდინარაძემ.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ
ანტინარკოტიკული რეფორმა შეიმუშავა. ცვლილებების
თანახმად, ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები
მაქსიმალურად მკაცრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ
ნარკორეალიზატორებისთვის არათუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის
ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი
სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. ამასთან,
ცვლილებებით, მარიხუანას ეხება გამკაცრება გაყიდვის მიმართულებით.
ამავე თემაზე:
"ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის
სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება"- მამუკა მდინარაძე
მასალის გამოყენების პირობები