ახალი ამბები
"ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება"- მამუკა მდინარაძე
FaceBook
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საზოგადოებისთვის მიცემული დაპირების შესაბამისად, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობასთან ერთად, ანტინარკოტიკული რეფორმა შემუშავდა.
მისივე განცხადებით, ცვლილებების თანახმად, ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არათუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.

ამასთან, მდინარაძის თქმით, „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. კერძოდ, განისაზღვრება, ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად; დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითიც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.

"2025 წლის პირველი ივნისიდან იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

ცვლილებები, გამკაცრების მიმართულებით, შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებსაც.

აქვე, მივმართავთ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ გაიზიარონ ეს მიდგომები და სახელმწიფოს ამოუდგნენ გვერდში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოებაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი – ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად“,– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის განმარტებით, შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით გადაყვანა არ მოხდება - შემოწმებაზე უარის თქმა ცალკე ადმინისტრაციულ სახდელებს გამოიწვევს.

„გახსოვთ ალბათ პერიოდი, როდესაც ადამიანები შემოწმების მიზნით პოლიციას იძულების წესით მიჰყავდა ნარკოლოგიურში. ასეთი მიდგომა არ იქნება. პიროვნებას ექნება შეთავაზება, რომელთან დაკავშირებითაც იქნება გარკვეული ინფორმაცია პოლიციელის მხრიდან – პრაქტიკულად, სერვისი იქნება, თუმცა ეს ნამდვილად არ არის საირონიო. მას შეეთავაზება, რომ პოლიციელი გადაიყვანს შემოწმებაზე ან თავად ექნება უფლება, რვა საათის განმავლობაში მივიდეს ნარკოლოგიურ დისპანსერში, გაიაროს შემოწმება თავად და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს ინიციატორ პოლიციის ორგანოს შესაბამისი ცნობა.

გარდა იმისა, რომ არანაირი იძულების ფორმა არ ექნება, თუ არ უნდა მოქალაქეს, თავად წავა და თავადვე აიღებს შესაბამის ცნობას, აქ საყურადღებოა ისიც, რომ თუ უარს განაცხადებს, გვახსოვს პერიოდი, როცა უარის თქმა ნიშნავდა, რომ ავტომატურად ეს ადამიანი ითვლებოდა ნარკომომხმარებლად. ეს არ იყო სწორი მიდგომა, უარის თქმა გამოიწვევს ცალკე ადმინისტრაციულ სახდელებს, ოღონდ იმავე სახის. თუ უარს განაცხადებთ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ გიდასტურდებათ ნარკომოხმარება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ საკუთარი ნებით იღებთ ადმინისტრაციულ სახდელს, ოღონდ ეს სახდელი იქნება იგივე, რაც იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარება",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, ცვლილებებით, მარიხუანას ეხება გამკაცრება გაყიდვის მიმართულებით.

"თუ პირს დაუდასტურდება, რომ რეალიზებას ახდენს, ანუ ყიდის ნარკოტიკს, აქ სასჯელები კიდევ უფრო მკაცრდება და მცირე ოდენობით გაყიდვისთვისაც კი იქნება 12-დან 20 წლამდე და უვადო თავისუფლების აღკვეთა, აღარ მაქვს საუბარი დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 14-დან და 16 წლიდან დაიწყება ასეთი სასჯელები. შეუვალი და მკაცრი იქნება სახელმწიფო. გაუთანაბრდება, პრაქტიკულად, სასჯელი მკვლელობას, რადგან მკვლელობის შემთხვევაში თუ ერთ ადამიანს კლავ, დროთა განმავლობაში განგრძობადად კლავ ბევრ ადამიანს, როდესაც ნარკოტიკულ საშუალებას ყიდი. ამიტომ ეს ჩვენ მიერ განხილულია, როგორც მკვლელობა, ოღონდ მასობრივი და სახელმწიფო ამის მიმართ იქნება შეუწყნარებელი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით,
2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023
წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
13:01 / 11.03.2025
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი
ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია
12:51 / 11.03.2025
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია "ჯორჯიან მანაგანეზის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.