სახელმწიფო ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მრავალი
გამოწვევის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების მიღების ნაცვლად,
მიზანმიმართულად აუარესებს გენდერული თანასწორობის
კანონმდებლობას.
ამის შესახებ საია წერს იმ
განცხადებაში, რომელსაც 8 მარტს აქვეყნებს.
განცხადებაში მითითებულია, რომ სახელმწიფო ღიად ახალისებს ქალთა
მიმართ გენდერულად მოტივირებული ძალადობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა
სექსუალური შევიწროება.
„აღნიშნული საგანგაშო ტენდენცია მჭიდრო კავშირშია საქართველოში
"ქართული ოცნების" მიერ ხელისუფლების მიტაცებასთან, ავტორიტარული
მმართველობის გაძლიერებასთან, მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლასთან და
ადამიანის უფლებების სისტემურ, მძიმე დარღვევებთან.
განცხადებაში საია აღნიშნავს, რომ პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად,
,,ქართული ოცნება" საკანონმდებლო სივრცეს კიდევ უფრო აშორებს
სტამბოლის კონვენციის სტანდარტებს და ცდილობს კანონმდებლბიდან გააქროს
სიტყვები "გენდერი" და "გენდერული თანასწორობა".
„გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა და ანტი-გენდერული პროპაგანდისა,
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აქტიური
ქალების წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებს გენდერულად მოტივირებული
ძალადობის სხვადასხვა ფორმებს. 2024 წლის ნოემბრიდან, რეპრესიებისა და
უფლებადარღვევების სხვა მძიმე ტენდენციებთან ერთად, განსაკუთრებით
თვალშისაცემი გახდა სამართალდამცავთა მხრიდან ლეგიტიმურ, მშვიდობიან
პროტესტში მონაწილე ქალების მიმართ განსაკუთრებულად აგრესიული
დამოკიდებულება, სექსუალური შევიწროება, გენდერულად მოტივირებული
შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა.1 პოლიცია, რომელიც გენდერულად
მოტივირებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი
დასაყრდენი უნდა იყოს, თავად გვევლინება მოძალადედ“.
საია აღნიშნავს, რომ ასეთი სამართალდამცავი სისტემა მშვიდობიანი
პროტესტის მონაწილეების, მათ შორის, ქალების წინააღმდეგ გავლენას
ახდენს არა მხოლოდ საპოლიციო ძალადობის უშუალო მსხვერპლებზე, არამედ,
ზოგადად, დაუცველად ტოვებს საზოგადოების ყველა წევრს, ახალისებს
გენდერულად მოტივირებულ ძალადობას და უთანასწორობას საზოგადოების
ყველა სფეროში.
8 მარტს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ქალები საპროტესტო მარშებს
გეგმავენ ლოზუნგით - "ქალები რეჟიმის წინააღმდეგ".
მასალის გამოყენების პირობები