ახალი ამბები
"ჭიათურაში შექმნილ განგრძობით სოციალურ კრიზისზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა"- "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"
FaceBook
"ჭიათურაში შექმნილ უმძიმეს სოციალურ და ეკოლოგიურ კრიზისზე პირდაპირი პასუხისმგებლობა, მომპოვებელი კომპანიის გარდა, „ქართულ ოცნებას“ ეკისრება"- ასე ეხმიანებიან მაღაროელების პროტესტს "სოციალურ სამართლიანობის ცენტრში".

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლება მართავს (ჯერ კიდევ 2017 წლიდან) "ჯორჯიან მანგანეზს", სპეციალური მმართველის ხელით.

"28 თებერვლიდან „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული ჭიათურელი მაღაროელები აქციებს მართავენ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მშრომელების პროტესტი მოჰყვა კომპანიის მხრიდან შეთანხმებული პირობების კიდევ ერთხელ დარღვევას და ხელფასის ჩარიცხვის დაგვიანებას. უფრო ზუსტად, „ჯორჯიან მანგანეზი“ გასული წლის 31 ოქტომბრიდან იმყოფება „სპეციალურ რეჟიმზე“ და ამ პერიოდში მაღაროების მუშაობა შეჩერებულია, ხოლო დასაქმებულები იღებენ ხელფასის მხოლოდ 60%-ს. ამ ხნის განმავლობაში კომპანია აცხადებდა, რომ 2024 წლის 31 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე - 4 თვიანი პერიოდი - გამოყენებული იქნებოდა „კრიზისის დაძლევის გეგმის“ შესამუშავებლად. სინამდვილეში, მაღაროელების თქმით, იმის ნაცვლად, რომ 1 მარტიდან მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში განახლებულიყო, თებერვალში, მათ კუთვნილი ხელფასის 60%-იც კი არ ჩარიცხვიათ, როგორც ამას მათ კომპანია ჰპირდებოდა",- განმარტავენ "სოციალურ სამართლიანობის ცენტრში". 

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კომპანიის და სახელმწიფოს მხრიდან, ჭიათურაში, მანგანუმის მოპოვების არასათანადო ორგანიზაციებისა, თუ სხვა გარემოებების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა, პრაქტიკულად, მსხვერპლად ეწირება „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობას.

"ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოს აქვს ყველა ბერკეტი კომპანიის მიერ ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. ერთი მხრივ, სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სახელმწიფოს ზედამხედველობას დაქვემდებარებული სექტორია, ხოლო, მეორე მხრივ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო კომპანიის პირდაპირი მმართველია. ამდენად, მისი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო აშკარა და გამოკვეთილია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ 2017 წლიდან სპეციალური მართვის რეჟიმშია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი მართავს. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ჭიათურაში შექმნილ უმძიმეს სოციალურ და ეკოლოგიურ კრიზისზე პირდაპირი პასუხისმგებლობა მომპოვებელი კომპანიის გარდა, „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არსებითია, ხელისუფლებამ მიიღოს ქმედითი ზომები ჭიათურაში შექმნილი შრომითი, სოციალური და ეკოლოგიური კრიზისის გადასაჭრელად", - განმარტავენ ორგანიზაციაში. 

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მოუწოდებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს: დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს მაღაროელების მოთხოვნა და უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებსა და მშრომელებს შორის და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა მაღაროელების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, მოუწოდებს შრომის ინსპექციის სამსახურს: მოახდინოს რეაგირება კომპანიის მიერ შრომითი ანაზღაურების დაგვიანებაზე და შრომითი უფლებების დარღვევაზე. ასევე, მოუწოდებს მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს: შექმნას ქმედითი ფორმატი მოპოვებით დაზარალებული სოფლების მცხოვრებლების სათანადო კომპენსირების და განსახლების სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ჩარჩოს შესამუშავებლად.

ორგანიზაციის სრული განცხადება იხილეთ აქ.

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მე-8 დღეა, გრძელდება. მაღაროელები, პირველ რიგში, თებერვლის თვის ხელფასის დარიცხვას და საწარმოებში სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კი კომპანიის ქალაქიდან გასვლა და მაღაროების სახელმწიფო მართვაში გადასვლაა, ამიტომ ისინი "ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

მაღაროელებს "ჯორჯიან მანგანეზი" ექვსდღიანი პროტესტის შემდეგ გამოეხმაურა. 5 მარტს კომპანიამ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა და მშრომელები კომპანიაში ფინანსური კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით,
2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023
წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
13:01 / 11.03.2025
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი
ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია
12:51 / 11.03.2025
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ჭიათურელი მაღაროელები, 15 მარტს, კომპანია "ჯორჯიან მანაგანეზის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.