განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სკოლებში,
პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება.
მათივე ცნობით, 2025 წლიდან, სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში
დარეგისტრირებას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი 31
დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
რეგისტრაცია 4-ეტაპიანი იქნება. პირველ ეტაპზე, 10 მარტიდან 21 მარტის
ჩათვლით, სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
ბავშვები დარეგისტრირდებიან. დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის
პერიოდი კი 24 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით იქნება.
"მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის
ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში
(EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას
ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება
და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა მოსწავლის
ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.
ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე
გაიარონ",- განმარტავენ
განათლების სამინისტროში.
მათივე ცნობით, II ეტაპზე, მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის
წარდგენა 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით განხორციელდება. ამ ეტაპზე
რეგისტრირდებიან ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ
სკოლაში; რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია; რომელთა
ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას საჯარო სკოლა
უზრუნველყოფს.
III ეტაპი - საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება და 17
ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
"რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას
უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად
რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება
18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. მოსწავლის
ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში
წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება",-
აცხადებენ განათლების სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, IV ეტაპზე, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა
ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია
განხორციელდება, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ,
ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. ამ ეტაპზე, რეგისტრაცია და
დოკუმენტაციის წარდგენა 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლითაა
განსაზღვრული. რეგისტრაციას საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.
განათლების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ
რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა
დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
მასალის გამოყენების პირობები