ჭიათურელი მაღაროელები მასშტაბურ
საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
28 თებერვალს, ქალაქის ცენტრში შეკრებილებმა, მადნის მომპოვებელ
კომპანიას, მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 3 მარტამდე
მისცეს. "ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულები, პირველ რიგში, სახელფასო
დავალიანების გასტუმრებას და მაღაროებში საწარმოო პროცესის
აღდგენასთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ პოზიციის დაფიქსირებას
მოითხოვენ. უკვე წელიწადზე მეტია მშრომელები საუბრობენ საწარმოების
ნაციონალიზაციაზეც. ქალაქიდან ინვესტორის გასვლის მოთხოვნა დღევანდელ
აქციაზეც გაჟღერდა. მაღაროელები იგივე ადგილზე ხვალაც შეიკრიბებიან და
კომპანიისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაელოდებიან.
"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები
არ იქნება გადადგმული, კიდევ უფრო გაიზრდება ჩვენი პროტესტი და უკვე
გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს. ორშაბათიდან სხვა სახე მიეცემა ამ
პროტესტს. ჩვენ რომ გამოვალთ და ამ ყინვაში ქუჩაში დავდგებით, ეს უნდა
იყოს საბოლოო, ყველასთვის გასაგები, რომ მომავალში ჩვენთან მსგავსი
ტყუილები და უპატივცემულობა ვეღარ გაბედონ", - განაცხადა აქციაზე
"ჭიათურის მშრომელთა კავშირის" წარმომადგენელმა მერაბ
სარალიძემ.
ჭიათურელი მშრომელები, რომლებიც
ოთხი თვეა ხელფასის მხოლოდ 60%-ს იღებენ, ამბობენ, რომ ანაზღაურება
საბანკო ვალდებულებების დასაფარადაც არ ჰყოფნით. "ჯორჯიან
მანგანეზმა", რომელიც დავალიანებაში მყოფ თანამშრომლებთან
კომუნიკაციაზე უარს ამბობს, მაღაროელებს ხელფასის დაგვიანების გამო
ბოდიში სატელეფონო შეტყობინების საშუალებით, მას შემდეგ მოუხადა, რაც
აქციაზე კომპანიაში დასაქმებული ათობით ადამიანი
შეიკრიბა. მაღაროელები დარწმუნებულები არიან,
რომ კომპანია აქციაზე მისულთა რაოდენობამ შეაშინა და ახლა ყველანაირად
შეეცდება პროტესტი შეამციროს.
ჩვენ, შესაბამისი კითხვებით,
დავუკავშირდით "ჯორჯიან მანგანეზს" თუმცა, პასუხი არ მიგვიღია.
კომპანიამ პასუხები არც ერთი თვის წინ გაგვცა, როცა ვეკითხებოდით რა
გეგმა ჰქონდათ მაღაროებში საწარმოო პროცესის განახლებასთან
დაკავშირებით.
ჭიათურის მაღაროებში საწარმოო
პროცესი 2024 წლის პირველი ნოემბრიდან შეჩერდა. "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანიმ", რომელიც ახლა "ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოებს მართავს,
მთავარ მიზეზად სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი დაასახელა,
რომლებსაც სოფლის ქვეშ მანგანუმის მოპოვების გამო, სახლები დაენგრათ
და სამართლიანი კომპენსაციის მოთხოვნით, მაღაროები აქვთ პიკეტირებული.
მაშინ, კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მსოფლიო ბაზარზე მადნის ფასი
შემცირდა და მაღაროების მუშაობა არარენტაბელური იყო. "ჭიათურა
მენეჯმენტ კომპანი" პრობლემების აღმოფხვრას გაზაფხულისთვის
ვარაუდობდა.
ამავე
თემაზე:
„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის
პარადოქსი
მასალის გამოყენების პირობები