"ჯორჯიან მანგანეზი" ორი კვირაა
ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულებს ხელფასს არ უხდის.
უკვე მეოთხე თვეა, კომპანია შეთანხმებას არღვევს და დათქმულ დროს
ანაზღაურებას არ რიცხავს, მაშინ, როცა თითქმის განახევრებული ხელფასის
იმედად დარჩენილი ჭიათურელებისთვის, ყოველ დღეს გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს. მაღაროში დასაქმებულები ამბობენ, რომ ანაზღაურება
საბანკო ვალდებულებების დასაფარადაც არ ჰყოფნით, ვერ იხდიან კომუნალურ
გადასახადებს და ოჯახები ბუნებრივი აირის გარეშე არიან დარჩენილები.
თვეების განმავლობაში, ხელფასის
დაგვიანების პირობებში, კომპანია მაღაროელებთან კომუნიკაციას არც კი
ცდილობს, რის გამოც მშრომელები იძულებული გახდნენ ქალაქის ცენტრში
შეკრება დაეანონსებინათ. მას შემდეგ, რაც შეკრებაზე
კომპანიის ათობით თანამშრომელი მივიდა, "ჯორჯიან მანგანეზმა" აქციის
მიმდინარეობის დროს, დასაქმებულებს შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც
ხელფასის დაგვიანების გამო ბოდიშს იხდის და წერს, რომ ფინანსების
მოძიებას ცდილობენ.
"ბოდიშს იხდიან ხელფასის
დაგვიანების გამო და ამბობენ, რესურსების მოძიებას ვცდილობთო", -
ამბობს "ჭიათურის მშრომელთა კავშირის" წარმომადგენელი მერაბ
სარალიძე.
მაღაროელები დარწმუნებულები არიან,
რომ კომპანია კომუნიკაციაზე მხოლოდ იმიტომ გამოვიდა, რომ აქციაზე
შეკრებილების რაოდენობამ შეაშინა და ახლა ყველანაირად ეცდება პროტესტი
შეამციროს.
"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ
თვის ხელფასიც ჩარიცხონ. რომ ჩარიცხავენ, ნიშნავს იმას, რომ ხალხის
მუხტს გამოცდიან ამით, აბა, რომელი გამოეცლება აქციას, რამდენი წავა
სახლში თავისი პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ ასე უნდა დავაყენოთ
საკითხი - ერთჯერადი ხელფასი და მაგათი გადმოგდებული 60% არ
გვჭირდება, გვჭირდება მშვიდი, უსაფრთხო სამუშაო გარემო, შესაბამისი
ანაზღაურებით. თუ ამას ვერ უზრუნველყოფს არსებული კომპანია, წავიდეს
და მოვა ისეთი კომპანია ან სახელმწიფო, რომელიც მოიქცევა ისე, რომ
ამხელა დოვლათის მატარებელი პატარა ქალაქი არ იყოს დამოკიდებული ერთი
კომპანიის მათხოვრულ ხელფასზე", - განაცხადა აქციაზე მაღაროში
დასაქმებულმა ტარიელ მიქაცაძემ.
ჭიათურის ცენტრში შეკრება ამ
წუთებშიც გრძელდება. აქციაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა მაღაროების
ნაციონალიზაციის საკითხი, რაც კომპანიაში დასაქმებულების თქმით,
უზრუნველყოფს უსაფრთხო შრომის პირობებს, ღირსეულ ანაზღაურებას და
ჭიათურის რესურსების ადგილობრივებზე სამართლიან გადანაწილებას.
მაღაროელები ახლა სამოქმედო გეგმას ადგენენ იმ შემთხვევისთვის, თუ
მაღაროებში ოთხი თვის წინ შეჩერებული საწარმოო პროცესი არ
აღდგება.
ჩვენ, შესაბამისი კითხვებით,
დავუკავშირდით "ჯორჯიან მანგანეზს" თუმცა, პასუხი არ მიგვიღია.
კომპანიამ პასუხები არც ერთი თვის წინ გაგვცა, როცა
ვეკითხებოდით რა გეგმა ჰქონდათ მაღაროებში საწარმოო პროცესის
განახლებასთან დაკავშირებით.
ჭიათურის მაღაროებში საწარმოო
პროცესი 2024 წლის პირველი ნოემბრიდან შეჩერდა. "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანიმ", რომელიც ახლა "ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოებს მართავს,
მთავარ მიზეზად სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი დაასახელა,
რომლებსაც სოფლის ქვეშ მანგანუმის მოპოვების გამო, სახლები დაენგრათ
და სამართლიანი კომპენსაციის მოთხოვნით, მაღაროები აქვთ პიკეტირებული.
მაშინ, კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მსოფლიო ბაზარზე მადნის ფასი
შემცირდა და მაღაროების მუშაობა არარენტაბელური იყო. "ჭიათურა
მენეჯმენტ კომპანი" პრობლემების აღმოფხვრას გაზაფხულისთვის
ვარაუდობდა.
ამავე თემაზე:
„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის
პარადოქსი
მასალის გამოყენების პირობები