ხარაგაულში, სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, სამი ადამიანის
სამძებრო სამუშაოები მიმდინარებს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციის
საფუძველზე, მწყემსების, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის
კოორდინატები უკვე დაადგინეს.
ეძებენ კიდევ ერთ ადამიანს, მერაბ კოჩაძეს,
რომლის ადგილსამყოფელის დადგენის სამუშაოებიც მიმდინარეობს.
"სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები ჩაერთო და
ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა.
მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრითაა
დაშორებული. თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია.
უკვე დადგენილია ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე
მოძრაობის კვალია დაფიქსირებული. ამჟამად, მესამე პირის საცხოვრებელი
ბინის დაკვირვება ხორციელდება, რომელიც მთაში მდებარეობს. მის
გადაადგილებას ვარძიის მიმართულებიდან აკვირდებიან. ასევე, გზის
გაკვალვას ცდილობს სოფლის საინიციატივო ჯგუფი",- აღნიშნულია იმერეთის
მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მწყემსებს რამდენიმე დღეა, ეძებდნენ.
როგორც ადგილობრივები ამბობდნენ, დიდთოვლობის გამო, მათთან
დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. მათ საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ
გაყვანილი.
იმერეთში, რამდენიმედღიანმა ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა.
ბოლო მონაცემებით, ჩაკეტილია 60 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება
10 000-მდე აბონენტს. რიგ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ნაწილი
პირველადი საჭიროებების გარეშეა დარჩენილი. განსაკუთრებით რთული
ვითარებაა ხარაგაულში, სადაც მაღალმთიან ზონაში თოვლის საფარი 3
მეტრზე მეტია.
მასალის გამოყენების პირობები