ორი კვირაა ჭიათურელ მაღაროელებს,
თითქმის განახევრებულ ხელფასს არ უხდიან.
"ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულები
კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ,
შესაბამისად, არ აქვთ ინფორმაცია როდის დაერიცხებათ თანხა. "ჯორჯიან
მანგანეზსა" და მაღაროელებს შორის შეთანხმების მიხედვით, გასული წლის
პირველი ნოემბრიდან, როცა მაღაროები გაჩერდა, უმუშევრად დარჩენილ
მშრომელებს ხელფასის 60% ყოველი თვის 15 რიცხვში უნდა დარიცხოდათ,
თუმცა, კომპანია მეოთხე თვეა ამ ვადებს არ იცავს.
მაღაროელები ამბობენ, რომ
საწარმოების გაჩერების გამო, უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში არიან.
ხელფასის 60%, რომელსაც "ჯორჯიან მანგანეზი" ყოველთვის დაგვიანებით
რიცხავს, საბანკო ვალდებულებების გასასტუმრებლადაც არ ჰყოფნით.
შესაბამისად, ყოველი ვადაგადაცილებული დღე მათი ოჯახების ფინანსურ
მდგომარეობაზე მძიმედ აისახება.
მაღაროებში დასაქმებულები 28
თებერვალს, ქალაქის ცენტრში შეიკრიბებიან და ხელფასის დარიცხვას
მოითხოვენ. შეკრებილები, ასევე იმსჯელებენ სამოქმედო გეგმაზე, იმ
შემთხვევისთვის, თუ მაღაროებში საწარმოო პროცესი არ
აღდგება.
"პარასკევს, 11:00 საათიდან
გამოვიდეთ და მოვიკითხოთ რა ხდება ჩვენს ირგვლივ! უკვე სახლში ჯდომისა
და არხეინად ყოფნის არანაირი საფუძველი აღარ გვაქვს. გაიხედეთ
ირგვლივ, რა მდგომარეობაშია ქალაქის ეკონომიკა, კომუნალურები, ბანკის
ვალები, პროდუქტები… გაქვთ არხეინად ყოფნის საბაბი? გაჩუმებით და
წყლის ჩაგუბებით მოგვიგვარდებათ პრობლემები? თუ იმედი გაქვთ, რომ
მუშაობა მარტიდან ან აპრილიდან აღდგება?" - აცხადებენ "ჭიათურის
მშრომელთა კავშირის" წევრები.
ჩვენ, შესაბამისი კითხვებით, დავუკავშირდით "ჯორჯიან მანგანეზს"
თუმცა, პასუხი არ მიგვიღია.
2024 წლის პირველი ნოემბრიდან,
ჭიათურის მაღაროებში საწარმოო პროცესი შეჩერდა. "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელიც
ახლა "ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოებს მართავს, მთავარ მიზეზად სოფელ
შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი დაასახელა, რომლებსაც სოფლის ქვეშ
მანგანუმის მოპოვების გამო, სახლები დაენგრათ და სამართლიანი
კომპენსაციის მოთხოვნით, მაღაროები აქვთ პიკეტირებული. მაშინ,
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მსოფლიო ბაზარზე მადნის ფასი შემცირდა
და მაღაროების მუშაობა არარენტაბელური იყო. "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანი" პრობლემების აღმოფხვრას გაზაფხულისთვის ვარაუდობს, მანამდე
კი თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის შენარჩუნებას ჰპირდება, რომლის
დარიცხვის ვადასაც გამუდმებით არღვევს.
მასალის გამოყენების პირობები