დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები
ელექტროგადამცემ ხაზებს დაეცა - მწყობრიდანაა გამოსული
ენერგოინფრასტრუქტურა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ადგილობრივი და თითქმის მთელი საქართველოდან
დასახმარებლად ჩასული ელექტრიკოსების დამატებითი ბრიგადები საგანგებო
ვითარებაში აგრძელებენ მუშაობას.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში,
მარტვილსა და აბაშაში, სადაც სოფლების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება
ელექტროენერგია.
როგორც "ენერგო-პრო-ში" განმარტავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს
უშლის გადაადგილების პრობლემა: სადაც სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ
ახერხებს, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა.
არის ადგილები, სადაც ჯერჯერობით ფეხითაც ვერ ხერხდება
მიახლოვება.
,,სტიქიის დაწყებიდან მოკლე დროში მოვახდინეთ შესაბამისი ტექნიკის და
სამუშაო ცოცხალი ძალის მობილიზება. ვმუშაობთ შეუსვენებლად. ვცდილობთ
მივიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია თუ შეუძლებელი. სამუშაოები
გაგრძელდება იქამდე, სანამ არ აღდგება ყველა დაზიანებული
ენერგოინფრასტუქტურა და აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველა
აბონენტს“- აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
დასავლეთ საქართველოში თითქმის ერთი კვირაა თოვს. განსაკუთრებულად
რთული ვითარებაა გურიის და აჭარის რეგიონებში, სადაც ბევრი სოფელი
გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ვრცელდება ინფორმაცია ერთი ადამიანის
გარდაცვალების შესახებაც. დაზიანებულია სახლები.
მასალის გამოყენების პირობები