იმერეთში, 15 000 აბონენტი კვლავ
ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, 82 სოფელში კი მისასვლელი გზები
თოვლისგანაა ჩახერგილი.
ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ხარაგაულში, სადაც 40 სოფელი
გარესამყაროსაა მოწყვეტილი. რთული ვითარებაა სამტრედიასა და ვანში.
რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეჩერებულია სასწავლო პროცესი. იმერეთის
სამხარეო ადმინისტრაცია, იმერეთში, სტიქიის მართვის პროცესში სამხედრო
ძალების ჩართვის საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ, მხარის
გუბერნატორმა, ლევან ზალკალიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სამი დღეა
ინტენსიური თოვა და ძლიერი ყინვაა. სტიქიამ განსაკუთრებული პრობლემები
შექმნა გურიასა და აჭარის მაღალმთიან ზონაში, სადაც თოვლის სიმაღლემ
ორ მეტრს გადააჭარბა. უხვი ნალექის გამო ჩამოინგრა რამდენიმე
საცხოვრებელი სახლის სახურავი. სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია
და ბუნებრივი აირი. მოქალაქეებს, რომლებიც გადაადგილებას ვერ
ახერხებენ, უთავდებათ საკვები და დახმარებას სოციალური ქსელების
საშუალებით ითხოვენ. ვრცელდება ინფორმაცია ერთი ადამიანის
გარდაცვალების შესახებ, რომელიც სახლის სახურავიდან გადმოვარდა.
სტიქიის მესამე დღეს, "ქართულმა ოცნებამ" პროცესში თავდაცვის ძალების
ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე, თოვლში ჩარჩენილი ადამიანების
გადასარჩენად, სტიქიის ზონაში მოხალისეები გაემგზავრნენ, რომლებსაც
მოქალაქეები გამოჰყავთ. ხვალ, 27 აგვისტოს, დილით დაგეგმილია გურიაში
დრონების გაგზავნა, რომლებითაც მოსახლეობას საკვებ პროდუქტებს
მიაწვდიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში თოვა 27 თებერვლამდე
შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები