დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის
დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
„უამინდობის გამო შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად, ადგილობრივი
ხელისუფლებების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები საგანგებო
რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად მოკლე
დროში იქნას დაკმაყოფილებული“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის
მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს, რამაც
განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა გურიისა და აჭარის მოსახლეობას.
სოფლების დიდი ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სოფლებს არ
მიეწოდებათ ბუნებრივი აირი, დენი და წყალი.
დიდთოვლობამ დააზარალა სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიც.
დიდთოვლობის გამო, ჩაკეტილია იმერეთის 42 სოფლის გზა და ამ დროისათვის
28 870 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
გადაადგილების პრობლემის გამო შეჩერებულია სასწავლო პროცესი საჯარო
სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობა
საქართველოში 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები