2000 ლარი ჯარიმა - ეს გადაწყვეტილება მიიღო ქუთაისის საქალაქო
სასამართლომ ოპერატორ და სამოქალაქო აქტივისტ მირიან ბერულავას
საქმეზე.
მის წინააღმდეგ საქმე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
173-ე მუხლის პირველი ნაწილით იყო აღძრული, რაც ითვალისწინებდა
ჯარიმას 2000 - დან 3000 ლარამდე ან 15 დღიან პატიმრობას.
მირიან ბერულავას პოლიციამ პირველ თებერვალს, საცხოვრებელ სახლში
მიაკითხა. თავდაპირველად მას განუცხადეს, რომ გამოკითხვაზე
გადაჰყავდათ. გზაში საუბრის დროს, მირიანმა პოლიციის თანამშრომლებს
უთხრა, რომ არ ენდობოდა სისტემას, რაც მისი დაკავების მიზეზი
გახდა.
დაკავების შემდეგ ბერულავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში
გადაიყვანეს.
მირიან ბერულავას სასამართლო პირველად 3 თებერვალს გაიმართა, სადაც
დაცვის მხარემ პროცესზე წყალტუბოს რაიონული სამმართველოდან
ვიდეოკამერის ჩანაწერის ამოღება მოითხოვა, რასაც ორ კვირამდე ვადა
დასჭირდა. მოსამართლემ არ ჩათვალა საჭიროდ მირიანის 15 დღიან
პატიმრობაში გაშვება და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება
მიიღო.
დღეს, 24 თებერვალს გამართულ პროცესზე, მოსამართლე მანანა ნიკაჭაძის
გადაწყვეტილებით, მირიან ბერულავა 2000 ლარით დაჯარიმდა. მის
წინააღმდეგ კი, საქმე შეწყდა.
მირიან ბერულავას ადვოკატის ვალერი თევდორაძის ინფორმაციით, საქალაქო
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდება.
მირიან ბერულავას მეგობრები ამბობენ, რომ პოლიცია მისით 2 თებერვალს,
დედაქალაქში გამართული აქციის შესახებ სტატუსის გამოქვეყნების გამო
დაინტერესდა.
"ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ
ავტობანის გადაკეტვაში" - წერდა მირიანი პირველ თებერვალს.
მირიან ბერულავა პროფესიით ოპერატორია. იგი წლების განმავლობაში
ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა. მირიანი ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი
საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.
მასალის გამოყენების პირობები