24 თებერვალს, ქუთაისში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად აქცია
გაიმართება.
დღეს, ზუსტად სამი წელი გავიდა, ოკუპანტი რუსეთის მიერ უკრაინის
ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. ამიტომ, მოქალაქეები, მერიის
წინ, 19:00 საათიდან შეიკრიბებიან და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას
გამოუცხადებენ.
"ამაყი უკრაინა და უკრაინელი ხალხი 3 წელია ღირსეულად იცავენ თავიანთ
სამშობლოს და არ უთმობენ ჩვენს ისტორიულ და საერთო მტერს. ამ 3 წლის
განმავლობაში მსოფლიომ პირდაპირ ეთერში ვნახეთ რუსეთის განუზომელი
ბოროტება, რაც ქართველ ხალხს საკუთარ ტყავზე არაერთხელ გვაქვს
გამოცდილი. ვისწავლეთ ღირსების გაკვეთილები უკრაინელი ხალხისგან. 3
წლის წინ, ვის, თუ არა ქართველ ხალხს შეეძლო ყველაზე მეტად უკრაინის,
უკრაინელების გაგება, საქართველოს რუსული მთავრობისგან განსახვავებით.
ყველა ღირსეულმა ქართველმა იცის, რომ უკრაინის მარცხი საქართველოს
მარცხიცაა.
3 წლის წინ ქუთაისი გაერთიანდა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.
მიაწვდინა უკრაინას გულშემატკივრის ხმა. ხან მასშტაბური აქციებით, ხან
პერფორმანსებით, ხანაც ჰუმანიტარული დახმარებით. რაც მთავარია,
ღირსეულად უმასპინძლა უკრაინიდან ომსგამოქცეულ ქალებსა და ბავშვებს.
უკრაინაში რუსეთმა 100-მდე ქართველი მებრძოლი მოგვიკლა. 24 თებერვალს
გელოდებით ქუთაისის მერიის წინ, 19:00 სთ-დან. კიდევ ერთხელ
გამოვუცხადოთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა, გავიხსენოთ
ჩვენი გმირები, რომლებიც მართალია დაეცნენ, მაგრამ არასდროს
დაუკარგავთ საქართველოსა და უკრაინის გამარჯვების რწმენა",- აცხადებენ
აქციის მონაწილეები.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში
უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს
ნატოში უკრაინის მიღებაზე. უკრაინა კი აცხადებს, რომ თავის
ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის და მოითხოვს უსაფრთხოების მყარ,
საერთაშორისო გარანტიებს.
სამი წლის განმავლობაში, გაეროს მიერ დოკუმენტურად დადასტურებული
მონაცემებით, უკრაინაში დაიღუპა 12 600-ზე მეტი და დაშავდა 29 000-ზე
მეტი სამოქალაქო პირი. რეალურად მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან არ
არსებობს მონაცემები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე
დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ.
უკრაინის ხელისუფლების გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამი წლის
განმავლობაში რუსეთთან ომში 46 000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი
დაიღუპა.
უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს 2024 წლის დეკემბერში
აღრიცხული ჰყავდა ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის შიგნით იძულებით
გადაადგილებული 3,6 მილიონი მოქალაქე.
გაეროს მონაცემებით, 2025 წლის იანვრისთვის მსოფლიოში რეგისტრირებული
იყო თითქმის 6,9 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი, მათგან 6,3 მილიონი -
ევროპის ქვეყნებში. ომის დაწყებამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონზე
მეტი იყო.
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში დაზიანებული ან დანგრეულია სახლების
10%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ, სულ მცირე, 2 მილიონი ადამიანი
ადეკვატური საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ომის განმავლობაში დაზიანდა ან
დაინგრა 3600-ზე მეტი სკოლა და უნივერსიტეტი. გაეროს ცნობითვე,
უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება 12,7 მილიონ ადამიანს.
მასალის გამოყენების პირობები