პედაგოგი სოფო როინიშვილი, რომელიც ქუთაისში, პროევროპულ აქციებში
აქტიურად მონაწილეობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
სოფოს, რომელიც ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლაში, მუსიკის მასწავლებლად
მუშაობდა, დღეს, 24 თებერვალს, გაკვეთილების ჩასატარებლად
მისულს, გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაბარდა.
პედაგოგი მომხდარს მის სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირებს და
ბრძოლას სასამართლოს გზით აპირებს.
"სამოქალაქო აქტივიზმი იყო რეალური მიზეზი, რატომაც
გამომიშვეს. ამას წინ უძღვოდა ის, რომ დისციპლინალურ კომიტეტზე
გადამცა მეექვსე სკოლამ და გამომიცხადეს სასტიკი საყვედური. ამას არ
დაჯერდნენ და დღეს დილით რომ მივედი დამახვედრეს გათავისუფლების
ბრძანება. ათასი სისულელე მოიგონა მოტივად დირექტორმა, რომელზეც
არანაირი ფაქტი და დოკუმენტაცია არ გააჩნდა",- ამბობს სოფო
როინიშვილი.
სოფო როინიშვილი, მე-6 საჯარო სკოლის გარდა, მუსიკის მასწავლებლად,
გუმათის სკოლასა და მეორე მუსიკალურშიც მუშაობს.
ამბობს,
რომ მეექვსე სკოლიდან გათავისუფლების გარდა,
დღეს, ასევე, ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო
დაწესებულებათა გაერთიანებიდანაც დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი საქმე
დისციპლინარულ კომიტეტს გადასცეს.
"მიზეზი ის ვიდეოა, სასამართლოს წინ რომ იმღერეო - მითხრა იურისტმა.
თურმე სკოლის იმიჯი შევარყიე ამით", - განმარტავს პედაგოგი.
რაც შეეხება სკოლის პოზიციას, მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი დიმიტრი
ქარსელაძე თანამშრომლის გათავისუფლების პოლიტიკურ მიზეზს უარყოფს.
მისი თქმით, სოფო როინიშვილმა სკოლის შინაგანაწესი არაერთხელ დაარღვია
და სამსახურიდან ამიტომ გამოუშვეს.
"დისციპლინური წარმოება იყო მასზე კარგა ხანია. ამასთან,
შინაგანაწესის უხეში და მრავალგზის დარღევა არის მოტივი და საფუძველი
მისი გათავისუფლების. არაერთგზის გააცდინა სკოლა, დაარღვია
მასწავლებლის ეთიკის კოდექსი. საერთოდ არაფერ შუაშია აქ მისი
აქტივიზმი, ეს არის ალბათ ვიღაცის სურვილია", - განმარტავს
"ქუთაისიპოსტთან" დიმიტრი ქარსელაძე.
აღსანიშნავია, რომ სოფო როინიშვილი პროექვროპულ აქციებში პროტესტის
დაწყების დღიდან მონაწილეობს. ის მართავდა პერფორმანსებსაც. სოფო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობასთან ფეიერვერკის
გასროლისთვის,
5 000 ლარით დააჯარიმეს. ის ამბობდა, რომ
სასამართლოსთან პიროტექნიკის გამოყენება დაუმორჩილებლობის აქტი და
მკაფიო მესიჯი იყო იმისა, რომ ხელისუფლების რეპრესიების მათ არ
ეშინიათ და ბოლომდე იბრძოლებენ.
მასალის გამოყენების პირობები