ხელისუფლების მიერ რეპრესიული კანონების დაკანონებას , ქუთაისში,
აქციით გამოეხმაურნენ.
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის", "ბალდის კანიონის
შესანარჩუნებლად", "სოფელი ზოდის" და "ახალგაზრდული კოალიცია ხევის
თვითმმართველობისთვის" წევრები ასსაფეხურიან კიბეებთან
შეიკრიბნენ.
მათი განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც სიტყვისა და
გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, "ოცნებამ" მძიმე რეპრესიები
დააკანონა. კერძოდ, პროტესტის ფორმები, რასაც აქამდე ისინი
მიმართავდნენ, სისხლის სამართლით დასჯად დანაშაულად იქცა.
სხვადასხვა მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ასეთ ვითარებაში
შეუძლებელი ხდება პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა და აღარ რჩება
მნიშვნელოვან საკითხებში საერთო, სახალხო მონაწილეობის თეორიული
შესაძლებლობაც კი.
"აქ გამოგვიყვანა ქვეყანაში დამკვიდრებულმა უსამართლობამ.
საზოგადოებას ვეკითხები: რა ვქნათ, შევეგუოთ ამ უსამართლობას, როცა
საპატიმროები სავსეა ჩვენი ახალგაზრდობით, ქვეყნის მომავალით?
დამნაშავეებად არიან შერაცხული ადამიანები, რომლებიც გამოსული არიან
და ითხოვენ სამართალს ქვეყანაში და უკეთეს ცხოვრებას. რა ვქნათ,
გავჩუმდეთ? შეგვაშინოს ჯარიმებმა, სასჯელმა?
ციხე არ მაშინებს, მაშინებს უსამართლობა და საზოგადოების
ინდიფერენტულობა დამკვიდრებული უსამართლობის მიმართ. ვთხოვ მათ,
გავაცნობიეროთ, ყველას შეგვეხება [ხელისუფლების რეპრესიული კანონები],
არავის დაგვტოვებს უყურადღებოდ ეს უსამართლობა, იმიტომ რომ სამართალი
მთელი ქვეყნისთვის არის და ის არ არჩევს მოქალაქეებს",- განმარტა
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრმა მაკა სულაძემ.
ასსაფეხურიან კიბეებთან შეკრებილებმა რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ
ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიურად მუშაობს შემზღუდავ კანონებზე.
პარლამენტმა უკვე გაამკაცრა დემონსტრაციების შესაზღუდად
კანონმდებლობა. ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში,
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ
კანონში.
„ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ კანონი და შემოიტანა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის
ცნება, ასევე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და
ჯარიმები.
ამის პარალელურად "ოცნება" გეგმავს კიდევ უფრო გაამკაცროს
კანონმდებლობა საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებული მედია და
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ასე მაგალითად:
- ყველა კანონიდან ამოიღებენ ნორმებს, რომლებიც საჯარო მნიშვნელობის
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების
მონაწილეობას სავალდებულოს ხდის;
- აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA]
„სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსიით“ ჩანაცვლდება – 2024 წელს, მეორე
ცდაზე, ხმაურით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელსაც
საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა;
შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან;
- დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის
სტანდარტები - „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის
შესაბამისად“.
რიონის ხეობაში კომპანია "ენკა რინიუებლზი" 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს
აშენებდა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. სპეციალისტები,
რომლებმაც ხელშეკრულება დეტალურად შეისწავლეს, აცხადებენ, რომ მასში
დათმობილი იყო სახელმწიფო ინტერესები. ადგილობრივების უწყვეტი
საპროტესტო აქციების პარალელურად შეიქმნა მოძრაობა "რიონის ხეობის
გადარჩენისთვის". საბოლოოდ, 550 დღიანი პროტესტის შედეგად, "ენკამ"
სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა და უარი თქვა ჰესის
მშენებლობაზე.
მასალის გამოყენების პირობები