ახალი ამბები
"შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ გზის გადაკეტვასთან დაკავშირებული სამართალწარმოება" - ეთიკის ქარტია შსს-ს
FaceBook
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელების მიერ ჟურნალისტების დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.

ქარტიის განცხადებით, მათთვის ცნობილი გახდა 13 შემთხვევის შესახებ, როდესაც პოლიცია ჟურნალისტებს, რომლებიც იმ დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება.

როგორც ქარტიაში განმარტავენ, ეს შემთხვევები უმეტესად თბილისში მოხდა, თუმცა არის ერთი შემთხვევა რეგიონშიც, კერძოდ, ზუგდიდში. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან დაკავშირებული მიმდინარე ყველა ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მსგავსი საქმეები მომავალშიც არ აღძრას.

"ყველა ჟურნალისტმა შეატყობინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სადავო დროის მონაკვეთში ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვთ. მათ პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათები ეკეთათ და ნაწილი დიდი ზომის პროფესიული აპარატურის გამოყენებით მუშაობდა. პოლიციას მათი ჟურნალისტად იდენტიფიცირება თავიდანვე არ უნდა გასჭირვებოდა.

ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების ყველა შემთხვევაში პროცესი განსხვავებულად წარიმართა. ზოგიერთ ჟურნალისტს პოლიციამ შესაბამისი ცნობის წარდგენა მოსთხოვა, ზოგიერთს პოლიციასთან მხოლოდ ცალმხრივი კომუნიკაცია გამოუვიდა, უკუკავშირის გარეშე, ნაწილს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს, ხოლო ზოგიერთის სასამართლო პროცესი გაიმართა კიდეც. ზოგიერთი აპირებს, რომ საჯარიმო ოქმი ჩაიბაროს და შემდგომ გაასაჩივროს. თუმცა, რაც ამ შემთხვევებს აერთიანებს, არის ის, რომ საბოლოო შედეგი შემთხვევათა უმეტესობაში არ არის დამდგარი, ეს კი ჟურნალისტებს მოლოდინის რეჟიმში ტოვებს და გაურკვევლობაში ამყოფებს.

კანონის რეპრესიული ნორმების დაუსაბუთებლად გამოყენება ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლის. პოლიციის ქმედებები მათ და, ზოგ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებს, უქმნის ფსიქოლოგიურ წნეხს, აკარგვინებს მათ დროსა და სხვა სახის რესურსს.
გზის გადაკეტვის გამო დასაჯარიმებელ ჟურნალისტთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რაც ტენდენციაზე მიუთითებს. ეს ყოველივე ან მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ამოცანა ჟურნალისტთა სამუშაო გარემოს კიდევ უფრო დამძიმება და მათი სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შეზღუდვაა, ან, უკეთეს შემთხვევაში, სერიოზულ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც შსს-ს და სასამართლო სისტემას სასწრაფოდ უნდა ჰქონდეს რეაგირება",- აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში. 

ჟურნალისტები, რომლებსაც "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​ პრიმა მუხლი, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) საფუძველზე დაწყებული სამართალწარმოების ან საჯარიმო ოქმის ჩაბარების მოტივით უკავშირდებიან პოლიციიდან, აქციებზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ: აქვთ პირდაპირი ჩართვები, წერენ ინტერვიუებს, იღებენ ფოტოებს, ვიდეოებს. ისინი ამბობენ, რომ მუშაობის პროცესში უკეთიათ პრესის ბარათებიც, თუმცა, მიუხედავად ამისა, მედიის წარმომადგენლების მიმართ მაინც იწყება სამართალწარმოება და იწერება საჯარიმო ქვითრები. ამგვარი ქმედებისთვის, თებერვალში შეცვლილი კანონმდებლობით, გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

პოლიცია გზის გადაკეტვას ედავება:

● „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო შუბითიძეს, 17 თებერვალს;

● „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო წვერავას, 17 თებერვალს;

● „ტვ პირველის“ ფოტოგრაფს და ოპერატორს გიორგი მოსიაშვილს (შეატყობინეს 21 თებერვალს);

● „პუბლიკას“ ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს, 14 თებერვალს;

● „ტაბულას“ ჟურნალისტს ბექა ჯიქურაშვილს, 14 თებერვალს;

● „ტაბულას“ ჟურნალისტს ნიკოლოზ ჭირაქაძეს, 17 იანვარს;

● „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნათია გოგსაძეს, 2 თებერვალს;

● „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ალექსანდრე საჯაიას, 4 იანვარს;

● „მედია აპრილის“ ფოტორეპორტიორს ვახო ქარელს, 26 იანვარს;

● „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს, 22 იანვარს;

● “ევრონიუსის” ჟურნალისტს დავით კეკენაძეს, 3 იანვარს;

● „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს სალომე ჩადუნელს, 10 ნოემბერს;

● ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ხელმძღვანელს გერმანე სალიას, 13 დეკემბერს.

ფოტო: ნეტგაზეთი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25
თებერვალს, დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან
ძლიერი.
15:30 / 21.02.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი.
13:12 / 21.02.2025
"ქართული ოცნების“ ხელისუფლება მედიის შემზღუდავი კანონის ინიციირებას 24 თებერვალს გეგმავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.