ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალური ბულვარი, სავარაუდოდ, "გვირილობას" გაიხსნება
FaceBook
ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია, რომელიც ჯერ კიდევ (პირველადი ხელშეკრულებით) გასული წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, აპრილში დამთავრდება და საზეიმოდ, ორმაისობის დღესასწაულზე გაიხსნება.

ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ციბაძემ განმარტა.

"ჩვენ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებთან მიმართებაში არანაირი გამოწვევა არ გვაქვს, რომ გვირილობისთვის ყველაფერი მზად იყოს. სადრენაჟე სისტემა, ირიგაციის სისტემა, ყველა კომუნიკაცია, კანალიზაცია და ა.შ - ეს სამუშაოები ყველაფერი დასრულებულია. ერთადერთი, დარჩენილია მოპირკეთების სამუშაოები, რომლის ყველა მასალა ადგილზეა და ამ მხრივ არანაირი გამოწვევა არ გვაქვს",- განმარტა გიორგი ციბაძემ.


მისი თქმით, ადგილზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. 


ვარდების ხეივანი


ახალი შადრევანი


საფეხმავლო ბილიკები

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის მარტში დაიწყო. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სამუშაოებს კი - შპს "დაგი".

როგორც მგფ-ში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, პარკის გეგმარება უცვლელი დარჩება და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები.

ფონდის ინფორმაციით, პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“, ხოლო ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა. პარკში მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები და რეაბილიტირდება არსებული საზოგადობრივი საპირფარეშო.

ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის არსებობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბულვარში განთავსებული კაფე-ბარი "სავანე" სასწრაფოდ დაანგრიეს, სამუშაოების დაწყების განცდის შესაქმნელად კი ტერიტორია მალევე შემოღებეს. უნდა აღნიშნოს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოტოები, თუ როგორი უნდა იყოს რეაბილიტირებული ბულვარი, სწორედ ამ პროცესების შემდეგ გაასაჯაროვა.

რეაბილიტაციის დაწყებიდან მალევე, ბულვარში 25 ძირი ხე მოჭრეს. როგორც ფონდში გვითხრეს, გამხმარი და ზეხმელი ხეები საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მოიჭრა, მანამდე კი მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასება/ აღწერა (სატყეო ტაქსაცია) განხორციელდა. ფონდში განმარტეს ისიც, რომ პარკის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ახალი ხე-მცენარეების დამატებაც.

ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობა 14.9 მილიონი ლარით აფინანსებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები 2023 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც მგფ-ში განმარტავდნენ, ბაღში განთავსებული ნაგებობის, (კაფე-ბარ ,,სავანეს’’) გამო ვერ ხერხდებოდა, რის შედეგადაც საქმეში მერიაში ჩაერია და საქალაქო სასამართლოში განხორციელებული დავების შედეგად, უკვე 2023 წლის 27 დეკემბერს ,,სავანე’’ დაანგრია.

ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში.

ქუთაისის ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.

როგორი უნდა იყოს ბულვარი რეაბილიტაციის შემდეგ, ნახეთ აქ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სკოლებში, ჩინური
ენის სწავლებასთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას ავრცელებს.
12:13 / 18.04.2025
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სკოლებში, ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას ავრცელებს.
დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა
დაგეგმილი.
13:42 / 17.04.2025
დღეს, 17 აპრილს, ჭიათურის ცენტრში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.