"სიმართლე ვერ აიკრძალება"- ამ სლოგანით მოძრაობა "რიონის
ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ქუთაისში შეხვედრას გამართავენ.
ისინი 22 თებერვალს, 14:00 საათზე, ბალახვანში, ასსაფეხურიან
კიბეებთან, შეიკრიბებიან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე თავიანთ
პოზიციას დააფიქსირებენ.
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლები ამბობენ,
რომ ხელისუფლება ქვეყანაში რეპრესიებს აკანონებს და მოქალაქეების
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, ასეთ ვითარებაში კი
შეუძლებელი ხდება პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, რაც
დაუშვებელია.
"ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ, თქვენთან ერთად, შევძელით
ნამოხვანში, რაჭაში, ლეჩხუმში მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიღწევა.
მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, პროტესტის მშვიდობიანმა,
კანონმორჩილმა ხასიათმა და ჩვენმა ერთობამ განაპირობა სახალხო
პროტესტების სამი წარმატებული შედეგი, თუმცა, ბოლო დროს,
კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით იმდენად
დამძიმდა, რომ პროტესტის ფორმები, რასაც ჩვენ აქამდე მივმართავდით,
სისხლის სამართლით დასჯად დანაშაულად იქცა. ამ საკანონმდებლო
ცვლილებებით გამართლდა და დაკანონდა მძიმე რეპრესიები, რაც თითქმის
ორი წლის წინ დაიწყო, ბოლო თვეების განმავლობაში კი განსაკუთრებულ
მასშტაბს მიაღწია.
ასეთ ვითარებაში შეუძლებელი ხდება პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა,
აღარ რჩება მნიშვნელოვან საკითხებში ჩვენი საერთო, სახალხო
მონაწილეობის თეორიული შესაძლებლობაც კი. საქართველოს სხვადასხვა
კუთხეში ადამიანები ახლაც იბრძვიან თავიანთი სოფლის, მიწა-წყლის
დასაცავად, არაერთი უსამართლობის წინააღმდეგ. ვიცით, დღეს თუ ხვალ
ჩვენც მოგვიწევს დავიცვათ, რისთვისაც ვიბრძოდით, დაკანონებული
რეპრესია კი ყველას ერთად გვემუქრება.
ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე,
თუმცა, ვფიქრობთ, დროა ყველა ერთად შევიკრიბოთ. ვფიქრობთ, აუცილებელია
საჯაროდ ვთქვათ ჩვენი სათქმელი!",- აღნიშნულია "რიონის ხეობის
გადარჩენისთვის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ქართული ოცნების" პარლამენტმა დემონსტრაციების შესაზღუდად
კანონმდებლობა
გაამკაცრა. ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში,
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ
კანონში.
„ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ კანონი და შემოიტანა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის
ცნება, ასევე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და
ჯარიმები.
რიონის ხეობაში კომპანია
"ენკა
რინიუებლზი" 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს აშენებდა, რასაც
ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.
სპეციალისტები,
რომლებმაც ხელშეკრულება დეტალურად შეისწავლეს, აცხადებენ, რომ მასში
დათმობილი იყო სახელმწიფო ინტერესები. ადგილობრივების უწყვეტი
საპროტესტო აქციების პარალელურად შეიქმნა მოძრაობა "რიონის ხეობის
გადარჩენისთვის". საბოლოოდ, 550 დღიანი პროტესტის შედეგად, "ენკამ"
სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა და უარი თქვა ჰესის
მშენებლობაზე.
მასალის გამოყენების პირობები