ქუთაისში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ერთობლივი ძეგლის
დადგმასთან დაკავშირებით პეტიცია მომზადდა.
შესაბამისი განცხადებით, ქუთაისის საზოგადოების წარმომადგენლებმა
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ერემეიშვილსა
და საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას
მიმართეს.
ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, ზვიად
გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია ასაჯაროებს.
"საქართველოს უახლეს ისტორიაში და განსაკუთრებით ეროვნულ მოძრაობაში,
გამორჩეულად დიდი როლი ეკუთვნით საქართველოს ეროვნულ გმირებს,
საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას და მის უახლოეს და
განუყრელ თანამებრძოლს მერაბ კოსტავას.
გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისი ყოველთვის წარმოადგენდა ქართული
სახელმწიფოებრიობის და ეროვნული მოძრაობის უმძლავრეს კერას, ხოლო
ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა სისხლხორცეულად იყვნენ
დაკავშირებული ამ ქალაქთან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ქალაქში დაიდგას
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ერთობლივი ძეგლი",- აღნიშნულია
განცხადებაში.
პეტიციას ხელს, საინიციატივო ჯგუფის სახელით, აწსუ-ს
ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის, ქუთაისის შემსწავლელ სამეცნიერო
კვლევის ცენტრის და ქუთაისის საზოგადოებრიობის ცალკეული
წარმომადგენლები აწერენ, ჯამში 65 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას
ძეგლის დადგმას წლების წინაც ითხოვდნენ. საკითხთან დაკავშირებით, 2019
წელს,
ონლაინ გამოკითხვაც ჩატარდა. მოქალაქეთა
უმეტესობა თანახმა იყო, რომ ვასილ კიკვიძის ძეგლის ადგილზე,
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მონუმენტი ყოფილიყო, თუმცა,
საბოლოოდ, ეს იდეა არ განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები