ახალი ამბები
"მედიასთან დაკავშირებით, გადმოვიტანთ ბრიტანულ სტანდარტს და თუ კითხვა გექნებათ, მიმართეთ ბრიტანეთს"- პაპუაშვილი
FaceBook
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ მედიასთან დაკავშირებით მათი საკანონმდებლო ინიციატივა ბრიტანული კანონმდებლობის ანალოგი იქნება და თუ მიღებულ სტანდარტებთან დაკავშირებით რამე კითხვა გაჩნდება, ბრიტანეთს უნდა მიმართონ.


მისივე განცხადებით, ახალი კანონმდებლობით, რომელიც მედიას შეეხება, დაინერგება პროცედურები, რომელიც მოქალაქეს „საშუალებას მისცემს, თავი ფეიკ ნიუსისგან” დაიცვას.

"ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც უნდა ვებრძოლოთ ფეიკ ნიუსებს. აქაც არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ. ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია, მათ შორის, მედიასთან დაკავშირებით, გადმოვიტანთ პირდაპირ ბრიტანულ სტანდარტს. რამე კითხვა არის ამ სტანდარტთან? მიმართეთ დიდ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ. რაიმე კრიტიკული მოსაზრება თუ გაქვთ, შეგიძლიათ, გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ფეიკ ნიუსებთან ბრძოლას სიტყვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"დეზინფორმაცია არ არის დაცული სიტყვის თავისუფლებით. სტანდარტებს სინამდვილეში დადგენაც არ სჭირდება: საღი აზრი გვეუბნება, რომ არ უნდა მოიტყუო, რომ ინფორმაცია უნდა გადაამოწმო. მიუხედავად იმისა, რომ საღი აზრი ამას გვეუბნება და არსებობს სხვადასხვა სახის ეთიკის კოდექსები, ამის დაცვა არ ხდება. რატომ? - იმიტომ, რომ არ არსებობს პროცედურები ამის ეფექტიანი დაცვისა. დღევანდელი კანონმდებლობით არსებობს გარკვეული მექანიზმები თავად მედიაში, რომელიც არაეფექტიანია. ამიტომ აქ მთავარია პროცედურები - რომ თუ ვრცელდება რაღაც ფეიკ ნიუსი, მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, სიმართლე იქნეს დადგენილი, მათ შორის, მედიაორგანიზაციებიც პასუხისმგებლობით მოეკიდონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პროცედურები არის ზუსტად იგივე, რაც ბრიტანეთში და აქ სიმკაცრეზე და სირბილეზე კი არ არის საუბარი.

"საუბარია იმაზე, რომ მიღწეული იყოს მიზანი, რომელიც საზოგადოებას აქვს დასახული. რა პროცედურა და მეთოდიც არის ამისთვის ყველაზე ეფექტიანი, ზუსტად ის იქნება შემოღებული. ბრიტანული სტანდარტი არის, ამ მხრივ, დროში გამოცდილიც და იქნება უფრო ეფექტიანი, რომ დეზინფორმაციამ კი არ წალეკოს საზოგადოების ტვინები და მოხდეს მათი დაბნევა, მოტყუება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, არამედ მიიღონ ინფორმაცია. საზოგადოებას აქვს უფლება, იყოს ინფორმირებული და აქვს უფლება, არ იყოს დეზინფორმირებული. ამის უზრუნველყოფას მოახდენს ეს კანონმდებლობა",- განმარტა პარლამენტის თავმჯომარემ.

"ქართულმა ოცნებამ” რეპრესიული კანონმდებლობის მორიგი ტალღა გუშინ, 5 თებერვალს დაანონსა. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება მედიასაც. როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, „მედიის კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები”. ამასთან, მისივე თქმით, შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.

უშუალოდ დოკუმენტი, სადაც საკანონმდებლო ინიციატივები იქნება ასახული, „ოცნებას” ჯერ არ წარმოუდგენია. 

ამავე თემაზე:

"ქართული ოცნება" მედიის შესაზღუდად ახალი კანონის მიღებას გეგმავს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:12 / 21.02.2025
"ქართული ოცნების“ ხელისუფლება მედიის შემზღუდავი კანონის ინიციირებას 24 თებერვალს გეგმავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელების მიერ
ჟურნალისტების დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.
12:47 / 21.02.2025
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელების მიერ ჟურნალისტების დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.