სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი
მოსახლეობა, მალე, 24-საათიანი თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია,
სახელმწიფო ბიუჯეტისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის
(KFW) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: სათავე ნაგებობების
რეაბილიტაცია, 15 კმ-იანი წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის
მშენებლობა, წყალმომარაგების, დაახლოებით 200კმ-იანი ქსელის
რეაბილიტაცია/მშენებლობა, SCADA სისტემის მოწყობა. სრულად განახლდება
საფილტრე გალერეები და საქლორატორო.
გარდა ამისა, სამტრედიაში, წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო
სამუშაოებიც იგეგმება - ამ ეტაპზე, სატენდერო პროცედურების
შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით დაგეგმილია: 5
კმ-იანი სიგრძის მთავარი კოლექტორისა და 16 სატუმბი სადგურის
მშენებლობა, წყალარინების 145 კმ-იანი ქსელისა და საკანალიზაციო ჭების
მოწყობა. აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. ასევე, პროექტის
ფარგლებში მოეწყობა 30 კმ სიგრძის სანიაღვრე სისტემა.
ჯამში, ქალაქ სამტრედიაში, წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის
სამშენებლო სამუშაოებს 300 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.
პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
მასალის გამოყენების პირობები