დაკავებული ოპერატორისა და სამოქალაქო აქტივისტის
მირიან ბერულავას საქმეზე
სასამართლო პროცესი დღეს,
3 თებერვალს, გაიმართება.
მირიანის ადვოკატის, ვალერი თევდორაძის თქმით,
პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოშია
ჩანიშნული, საათი კი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
"ადმინისტრაციული პატიმრობის გახანგრძლივება მოითხოვეს, ვინაიდან
დღევანდელი დღე არ ჰყოფნით ვიდეოჩანაწერების ამოსაღებად ვარციხჰესის
დასახლებიდან. იმ ვიდეოჩანაწერების, რომელიც ბუნებაში არ
არსებობს. მირიანი მოინახულა სახალხო დამცველის
წარმომადგენელმაც. თავად მშვიდადაა, ცოტა აწუხებს ოთხი კედელის
ფაქტორი და ელოდება პროცესს",- ამბობს
ვალერი თევდორაძე.
მირიან ბერულავას წინააღმდეგ საქმე, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით არის
აღძრული, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2000-დან 3000 ლარამდე ან 15
დღიან პატიმრობას.
მირიან ბერულავას პოლიციამ, 1 თებერვალს, საცხოვრებელ
სახლში მიაკითხა. თავდაპირველად მას განუცხადეს,
რომ გამოკითხვაზე გადაჰყავდათ. გზაში საუბრის დროს, მირიანმა პოლიციის
თანამშრომლებს უთხრა, რომ არ ენდობოდა სისტემას, რასაც
მისი დაკავება მოჰყვა.
გუშინ, 2 თებერვალს, მირიანის საცხოვრებელ სახლში
პოლიციამ
ჩხრეკა ჩაატარა. ადვოკატის თქმით, ამოიღეს
და წაიღეს მირიანის ძველი ტელეფონი და გადამყვანი.
მირიან ბერულავას მეგობრები ამბობენ, რომ პოლიცია მისით
დედაქალაქში მიმდინარე აქციის შესახებ სტატუსის გამოქვეყნების გამო
დაინტერესდა.
"ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ
ავტობანის გადაკეტვაში" - წერდა მირიანი პირველ თებერვალს.
მირიან ბერულავა პროფესიით ოპერატორია. იგი წლების განმავლობაში
ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა. მირიანი ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი
საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო.
ამავე თემაზე:
დაკავებული ოპერატორის მირიან ბერულავას სახლში
პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა
დაკავებული ოპერატორი მირიან ბერულავა ამ დრომდე
იზოლატორში რჩება
ოპერატორი და სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს
ოპერატორი და სამოქალაქო აქტივისტი გამოკითხვაზე
წაიყვანეს
მასალის გამოყენების პირობები