მირიან ბერულავას საცხოვრებელ სახლში პოლიციამ ჩხრეკა
ჩაატარა.
ამის შესახებ, მის უფლებადამცველს მირიანის ოჯახის წევრებმა აცნობეს.
თავად მირიან ბერულავა პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ სახლიდან
წაიყვანეს გამოკითხვაზე, გზაში კი აღმოჩნდა, რომ აკავებდნენ. მირიანი
ამ დრომდე სამტრედიის დროებითი მოთავსების
იზოლატორში იმყოფება. მისი პროცესი ქუთაისის
საქალაქო სასამართლოში 3 თებერვალს ჩაინიშნა.
"მირიანის მშობლები დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ
მათთან სახლში ჩხრეკა ჩაატარა სამხარეო პოლიციამ. ამოიღეს და წაიღეს
მირიანის ძველი ტელეფონი და გადამყვანი", - ამბობს ადვოკატი ვალერი
თევდორაძე.
ოპერატორისა და სამოქალაქო აქტივისტის მირიან
ბერულავას წინააღმდეგ საქმე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც
ითვალისწინებს ჯარიმას 2000 - დან 3000 ლარამდე ან 15 დღიან
პატიმრობას.
მირიან ბერულავას პოლიციამ გუშინ, საცხოვრებელ
სახლში მიაკითხა. თავდაპირველად მას განუცხადეს,
რომ გამოკითხვაზე გადაჰყავდათ. გზაში, საუბრის დროს, მირიანმა
პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ არ ენდობოდა სისტემას, რასაც მისი
დაკავება მოჰყვა.
მირიანის მეგობრები ამბობენ, რომ პოლიცია მისით,
დღეს, დედაქალაქში მიმდინარე აქციის შესახებ, სტატუსის გამოქვეყნების
გამო დაინტერესდა.
"ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა
დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში" - წერდა მირიანი პირველ
თებერვალს.
მირიან ბერულავა პროფესიით ოპერატორია. იგი წლების
განმავლობაში ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა. მირიანი ქუთაისში
მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო.
მასალის გამოყენების პირობები