მზია ამაღლობელს, რომელიც ოცი დღეა ციხის საკანში შიმშილობს,
გადაადგილება უჭირს - ეს არის ბოლო ინფორმაცია, რაც პატიმარი
ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებობს.
გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, პენიტენციური სამსახური არ
ასაჯაროებს. მზია ამაღლობელის კოლეგები ამბობენ, რომ ინფორმაციის
ერთადერთი წყარო მათთვის არიან უფლებადამცველები, რომლებიც მას ციხის
საკანში ხვდებიან, თუმცა, ადვოკატების ვიზუალური დაკვირვება არ არის
საკმარისი საფუძველი სიმშვიდისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მზია
ამაღლობელს აქვს ქრონიკული დაავადებები, მისი შიმშილობა განსაკუთრებით
სახიფათოა, მით უფრო, რომ იგი არ იღებს არანაირ დანამატს.
როგორი შეიძლება იყოს დაკავებული ჟურნალისტის
ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შესახებ ექიმებს საუბარი მხოლოდ
არსებული პრაქტიკის საფუძველზე შეუძლიათ. მათი თქმით, ოცდღიანი
შიმშილობის ფონზე ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები ვითარდება, ამიტომ
იგი განსაკუთრებულ ზედამხედველობას საჭიროებს.
მზია ამაღლობელის კოლეგები, პენიტენციური
დაწესებულებისგან, დაკავებულის სასიცოცხლო პარამეტრებისა და მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას
მოითხოვენ. მათი თქმით, პროცესში უნდა ჩაერთოს სახალხო დამცველი და ეს
დოკუმენტაცია გამოითხოვოს. დღეს, 17:00 საათზე, ამ მოთხოვნით, სახალხო
დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. მან
ციხიდან რამდენიმე წერილი გამოაგზავნა, სადაც წერდა, რომ არ შიმშილობს
შეღავათების მისაღებად, არამედ ეს არის მისი პროტესტი იმ
უსამართლობაზე, რაც "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში შექმნა.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო
შინაარსის სტიკერების გაკვრისას მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს.
აქციაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებსა და
აქტივისტებს შორის შელაპარაკების მომენტში, მზია ამაღლობელმა ბათუმის
პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი გაარტყა, რასაც მისი
დაკავება მოჰყვა. პროკურატურა დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას
ედავება, რის გამოც ჟურნალისტს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"საიამ", რომელიც დაკავებული ჟურნალისტის უფლებებს
იცავს, მისი დაკავება იმთავითვე შეაფასა მმართველი პარტიის მიერ
პოლიტიკური მოტივით დასჯად. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის,
ნონა ქურდოვანიძის თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ წარდგენილი ბრალი
არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
ამავე თემაზე:
შიმშილობის მე-17 დღე - მზია ამაღლობელის
სიცოცხლე საფრთხეშია!
"თავისუფლება მზიას" - საპროტესტო აქცია
მოსამართლის სახლთან
ქუთაისის სააპელაციომ მზია ამაღლობელის წინასწარი
პატიმრობის შეცვლაზე საჩივარი წარმოებაში არ
მიიღო
მასალის გამოყენების პირობები