"გააწანი სილა რეჟიმს” – ამ სახელწოდებით, ქუთაისის მერიასთან,
აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
სამოქალაქო აქტივისტებმა ადგილზე ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი
დგებუაძის ფოტო მიიტანეს და მას დემონსტრაციულად სახეში სილა
გააწნეს.
აქტივისტების თქმით, ირაკლი დგებუაძე დღევანდელი რეჟიმის სახეა, იმ
რეჟიმის, რომელიც ქვეყანაში რეპრესიებს აგრძელებს. ამიტომ, ამ
პერფორმანსით მათ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს მზია
ამაღლობელს, რომელიც,
12 იანვარს, დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს, სოლიდარობა
გამოუცხადეს,
"ჩვენ დღეს გვქონდა პერფორმანსი "გააწანი სილა რეჟიმს", ამით
მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მზია ამაღლობელს, თუ ამისთვის დაისაჯა ის,
მოვიდნენ და ყველა დაგვიჭირონ", - ამბობს თედო მესხი.
აქციის მონაწილეების თქმით, მზია ამაღლობელი დამოუკიდებელი
საქართველოს ისტორიაში პირველი ჟურნალისტია, რომელიც რეჟიმმა
დააკავა.
"დღეს მთელი საქართველო ვართ მზია ამაღლობელი და ეს სილა არის სწორედ
ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც დააპატიმრა მზია, აშიმშილებს და არ
ზრუნავს მასზე. მთელი საქართველო ვდგავართ გარეთ, იმისთვის რომ ამ
რეჟიმს გავაგებინოთ: დემოკრატიაში ახალი საპარლამენტო არჩევნები არის
ჩვეულებრივი მოვლენა და როცა ვითხოვთ, ის უნდა დაინიშნოს და
გათავისუფლდეს ყველა პატიმარი"- ამბობს ნუგზარ კოხრეიძე.
აქციის მონაწილეებმა, დღეს, ქუთაისის მერიასთან კარავიც გაშალეს,
წარწერით: "თავისუფლება მზია ამაღლობელს", თავისუფლება რეჟიმის
პატიმრებს". როგორც ისინი განმარტავენ, უახლოეს დღეებში ამ კარავში
დარჩებიან კიდეც.
მზია ამაღლობელი, რომელსაც ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის
გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ციხეში მე-19 დღეა,
შიმშილობს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ამაღლობელის
სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. იურისტების თქმით, სილა, რომელიც მზია
ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.
ასობით საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია,
მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, სახელმწიფო უწყებები, 300-ზე
მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“
ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
ფოტო: ნია ხარაძე
მასალის გამოყენების პირობები