ახალი ამბები
ამერიკაში წითელი საკვები საღებავი აკრძალეს
FaceBook

ტრამპის მიერ ჯანდაცვის მდივნად რობერტ კენედი უმცროსის წარდგენისას, ჯერ კიდევ მაშინ დაანონსდა, რომ მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმებოდა საკვების უვნებლობის სფეროში, - გორდასის კვანძის გასაჭრელად უერთდებოდა ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპის კაბინეტს.

 

სი-ენ-ენის ტელეწამყვანების რიტორიკაში პირველივე დღეებში დაიწყეს საუბარი იმაზე, შეძლებდა თუ არა კენედი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი დილემების წინააღმდეგ გაბრძოლებას. ამის საპასუხოდ, კენედის დაპირებამაც არ დააყოვნა, პირველივე გამოსვლაში იგი მოსახლეობას დაპირდა, რომ გაილაშქრებდა საკვებში არსებულ მომწამვლელ ნივთიერებათა წინააღმდეგ, მოაწესრიგებდა სასკოლო კვებას და ვაქცინების მეტი ტესტირების რეგულაციების კედლებს ააშენებდა.

1969 წლიდან გამოიყენება საკვებსა და მირთმევად მედიკამენტებში FD&C Red No.3. ის ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც წითელი სინთეზური საკვები საღებავი (ერითროზინი), რომელიც გარკვეულ საკვებსა და სასმელებს აძლევს მკვეთრ, ალუბლისფერ წითელ ფერს. იგი დიდი დოზით გვხვდება ტკბილეულში, ტორტებში, ნამცხვრებში, ორცხობილებში, გაყინულ დესერტებში, საბავშვო კანფეტებში, ჟელიბონებში, ასევე კრემებსა და მინანქრებში და ზოგიერთ მედიკამენტში, ისეთ ცნობილ გაციების სიმპტომების ფართოდ გავრცელებულ ლიქიორშიც, როგორიცაა დეიქუილი.

ცოდვა გამხელილი სჯობს და ამ წერილის ავტორი საკმაოდ ახლოს იცნობს ამ საღებავს მარასკინოს ალუბალის, ორმაგი ბუშტის საღეჭი რეზინის, ჟელიბონების, „Fruit Loops“ და  „Candy Corn“-ის გამო.

აქამდე, მისი გამოყენება ნებადართული იყო ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ მცირე რაოდენობით და მწარმოებლებს მოეთხოვებოდათ, რომ ამ წითელი საღებავის არსებობა საკვების ინგრედიენტების ჩამონათვალში მიეთითებიათ.

1990 წელს ამ საღებავის ფართოდ გამოყენება გადაწყვიტეს, კერძოდ მისი დაშვება კოსმეტიკასა და ზედაპირულ მედიკამენტებში, თუმცა ავტორიზაციის პროცესში ვერ დადასტურდა რომ ფერის დანამატი უსაფრთხო იყო. საკვებად მისი დაშვებიდან 21 წლის შემდეგ გამოჩნდა მონაცემები, რომ ამ საღებავის ეფექტი ვირთხებში კიბოს იწვევდა.

ყველაფერი ხომ აქ უნდა დამთავრებულიყო? აი, აქ გამოჩნდა მთელი ჯაჭვი ვაშინგტონის კორუფციისა და უუნარობისა. 1992 წელს FDA-მ გამოაცხადა თავისი განზრახვა გაეუქმებინა წითელი საღებავის გამოყენების მუდმივი ნებართვა საკვებსა და მირთმევად მედიკამენტებში მამრ ვირთხებში გამოვლენილი შედეგების გამო. თუმცა, ეს ნაბიჯი არ გადადგა, რადგან მათი განმარტებით, მისი რეალიზაციისთვის საჭირო რესურსები დიდ ზეწოლას წარმოადგენდა.

მთელი 35 წელიწადი, მსოფლიოში ასე მზარდი სიმსივნური შემთხვევების მიუხედავად, როცა სიკვდილიანობა ამ დაავადებით მეორე ადგილზეა და მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი ონკოლოგიური მიზეზით იღუპება, დადასტურებულად, წითელი საღებავით გაჯერებული იყო ჩვენი საკვები და მედიკამენტები და ამერიკის შეერთებული შტატები ამაზე დუმდა და ნაბიჯებს ვერ დგამდა.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, ზუსტად ერთ კვირაში, ეს თემა აქტუალური გახდა მედიაში და კენედის დამუქრებას სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ მტკიცე ნაბიჯით უპასუხა, რასაც მთელი 35 წელიწადი, განუწყვეტლივ სთხოვდნენ ასობით ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები.

წამლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებს „წითელი ნომერი 3“ სახამებლის გამოყენებას საკვებსა და მირთმევად მედიკამენტებში. 2025 წლის 15 იანვარს გამოსცა განკარგულება ამ ავტორიზაციების გაუქმების შესახებ და მწარმოებლებს საკვების რეცეპტურის შესაცვლელად დრო მისცა 2027 წლის 15 იანვრამდე, ხოლო მედიკამენტებისთვის – 2028 წლის 18 იანვრამდე. მარტო შეერთებულ შტატებში, ეს აკრძალვა 9 ათასამდე დასახელების პროდუქტს შეეხება.

მიუხედავად იმისა, რომ შტატების საკანონმდებლო ორგანოს ადაპტირებული ჰქონდა ჯერ კიდევ 1958 წლიდან „დელანის დებულება“, რომელიც კრძალავდა FDA-ს მიერ საკვები ან ფერის დანამატის ავტორიზაციას, თუ მასში დადასტურდებოდა ადამიანებსა ან ცხოველებში კიბოს გამომწვევი მიზეზი, ამ დებულების პრაქტიკაში დანერგვას თითქმის 67 წელი, მოძრობა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და ტრამპის მეორე ვადით არჩევა დასჭირდა.

ახლა, საკვების უვნებლობის სააგენტო სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ქოლგის ქვეშ უპრეცედენტო ბრძოლას იწყებს - პროცესირებული ანუ დამუშავებული საკვების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვის მოთხოვნით.

დამუშავებული საკვები - ეს არის ნებისმიერი საკვები ან სასმელი, რომელიც მომზადების ან წარმოების პროცესში რაიმე ფორმით შეიცვალა. უმეტესობა იმ საკვებისა, რასაც ვიღებთ, გარკვეულწილად დამუშავებულია. დამუშავება შეიძლება გამოყენებულ იქნას საკვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგალითად, რძე პასტერიზდება მავნე ბაქტერიების მოსაშორებლად, თუმცა კვლევები სოსისის, ძეხვეულის და მდნარი ყველის შემთხვევაში, დანამატების ერთობლიობის წინააღმდეგ გამოდის.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს
შესახებ რეზოლუცია მიიღო.
12:25 / 30.01.2025
29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ევროპის მეხუთე სახელმწიფო
11:36 / 30.01.2025
ევროპის მეხუთე სახელმწიფო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.